ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2014 წელს ქვეყნის მარკეტინგზე 8.9 მილიონ ლარს დახარჯავს, რაც გასულ წელს გაწეულ ხარჯზე თითქმის სამჯერ მეტია.
„უფრო ზუსტად ეს თანხა 8.9 მლნ ლარს შეადგენს და ის 18 გამოფენაში მონაწილეობას მოხმარდება. ჩვენ უკვე მივიღეთ მონაწილეობა რამოდენიმე გამოფენაში , სტამბულში, მადრიდში, რიგაში, ტალინში. ამ დღეებში დაგეგმილია გამოფენა მილანში , ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი ბერლინში, ლონდონში და სხვა ქალაქებში.“ -განუცხადა „ნიუპოსტს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.
ტურიზმის ადმინისტრაცია წელს 4.5 მლნ ლარს პიარ-კამპანიების საწარმოებლადაც დახარჯავს. გიორგი სიგუას თქმით, საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილია პიარ -კამპანიების ჩატარება გერმანიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, რუსეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში. იქნება გადაღებული 10-ზე მეტი საპრომოციო კლიპი.
„ამ ქვეყნებში გვექნება რეკლამა ტელევიზიით , ბეჭდურ მედიაში, ონლაინ რეკლამა, რეკლამა სოციალურ ქსელებში, გარდა ამისა ბევრ სხვადასხვა ღონისძიებას ვგეგავთ საქართველოს ცნობადობის ამაღლების კუთხით სხვა ქვეყნებშიც. პირველ რიგში, უნდა ამაღლდეს ქვეყნის ცნობადობა და შემდეგ რა საკვირველია საქართველო წარმოჩინდება როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა“-აღნიშნა გიორგი სიგუამ
გასულ წელს ქვეყნის რეკლამირებისთვის 3 248 133 ლარი დაიხარჯა. აქედან 1 469 173 ლარი მოხმარდა პირდაპირი სარეკლამო კამპანიის ხარჯებს უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 425 917 ლარი დახარჯა 23 ქვეყნიდან 100-მდე ჟურნალისტისა და 160 ტუროპერატორის მოწვევაზე საქართველოში, მათთვის პრეს და საინფორმაციო ტურების მოწყობაზე. 955 833 ლარი კი 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობაზე დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები






