„მოქალაქე“ - პათოლოგიური საზოგადოების ფორმირების მცდელობა საქართველოში
საზოგადოება - 19:55, 10 Feb, 2014     3598

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო და 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველო ცხოვრობს თვისობრივად ახალ პირობებში მიმდინარეობს ახალი ტიპის პოლიტიკური სტრუქტურის ჩამოყალიბების მტკივნეული პროცესი. პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებისა და ვირტუალური პოლიტტექნოლოგიების გამოყენებით, ტოტალური სიცრუის ტირაჟირებით, ე.წ. „ციხის კადრების“ პრეცენდენტით, შიზოფრენიულ კრიზამდე მისული ეგზალტირებული მასის მხარდაჭერით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტურა და სრული კონტროლი დაამყარა პოლიტიკურ პროცესებზე. მმართველი კოალიციის შინაგანი სტრუქტურიდან (სადაც არავითარი კოალიციური პლურალიზმი არ არის, არამედ მეფობს „ფულად პატრიოტიზმთან“ შერწყმული პატრონყმული მენტალიტეტი) და საკუთრივ ბიძინა ივნიშვილის პლუტოკრატიული ბელადიზმისკენ მიდრეკილებიდან გამომდინარე, სრულიად რეალურია საქართველოში ტიპოლოგიურად ოლიგარქიულ-პლუტოკრატიული რეჟიმის დამყარების საფრთხე.

დღევანდელ ეტაპზე განსაკუთრებით დამაფიქრებელია რამდენიმე რისკ-ფაქტორი:

1. „ოქტომბრის რეჟიმი“ ახდენს ჩვენი ქვეყნის არსებობის ტრადიციული ფორმების მიზამიმართულ შეცვლას, საგარეო პოლიტიკური კონცეფციისა და დიპლომატიური დოქტრინის დევალვაციას, უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, სახელმწიფოს კონსტიტუციური და ინსტიტუციური წესრიგის იმგვარ ცვლილებას, რომელიც პოზიტიურ ხასიათს არ ატარებს;

2. „ოქტომბრის რეჟიმი“, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ ექვსპარტიული ოლიგოპოლია ციდან არ ჩამოვარდნილა, არც სახელმწიფო გადატრიალების შედეგია და არც სხვა რაიმე უკანონო ქმედების. ეს არის ჩვენი შინაგანი მოცემულობა, ტოტალური დემაგოგიით გაბრუებული ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი, საკუთრივ ქართული პოლიტიკური კულტურის პროდუქტი;

3. ახალი ხელისუფლების ზოგიერთი საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯი, ისევე, როგორც მისი დიპლომატიური პრაქტიკის ბევრი ტენდენცია, აშკარად შეესაბამება რუსეთის გეოპოლიტიკურ, გეოსტრატეგიულ და გეოეკონომიკურ ინტერესებს.

პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომისა და ქვეყნის ლიდერის პოზიციისგან ფორმალური ჩამოცილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ინტერესები გადააჯგუფა სამოქალაქო სოციალურ სექტორში და აფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაციას „მოქალაქე“. უბრალოდ, სასაცილოა და ერთგვარი აბსურდის მანიფესტად შეიძლება მივიჩნიოთ წინასწარ განცხადებებში დეკლარირებული მიზნები, თითქოს ივანიშვილის ამ ახალი ინიციატივის მიზნებია დემოკრატიული ფასეულობების ფორმირება და განმტკიცება, საზოგადოებაში მაღალი სამოქალაქო შეგნებისა და სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბება და სხვა ამგვარი. როდის იყო ოლიგარქი, თანაც, ფაქტობრივად, პოლიტიკურ ოლიმპზე მყოფი რუხი კარდინალის ფუნქციით, ქმნიდა და აფართოებდა დემოკრატიულ სისტემას? მსოფლიო ისტორიას ეს არ ახსოვს. სამაგიეროდ, მსოფლიო ისტორიას ძალიან კარგად ახსოვს და, თანაც ანტიკური ეპოქის პოლიტიკური ფილოსოფიიდან დაწყებული ძალიან კარგად აქვს გააზრებული ოლიგარქიული პოლიტიკის (თუ ოლგარქის პოლიტიკური ლიდერობის) შესაძლო უარყოფითი შედეგები. ოლიგარქიზმი და ოლიგოპოლია პრინციპულად, თანაც აპრიორულად ეწინააღმდეგება დემოკრატიის, ლიბერალიზმის, პლურალიზმის პოლიტიკურ პრაქტიკას. ივანიშვილი და მისი პოლიტიკური კლანი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შექმნიან საქართველოში მეტ-ნაკლებად სრულფასოვან დემოკრატიულ სისტემას, ვერ შექმნიან არათუ ლიბერალურ-დემოკრატიულ პლურალისტურ და პოლიარქიულ სისტემას, არამედ თვით ელიტარულ და არასრულყოფილ დემოკრატიასაც კი. დიდი შანსია იმისა, რომ დამყარდეს ოლიგოპოლიური სტრუქტურის მქონე ოლიგარქიულ-პლუტოკრატიული რეჟიმი, ივანიშვილის პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებთან ასოცირებული კორპორატიული კლანების შინაგანი ინტეგრაციით.

ჩვენი აზრით, სამოქალაქო სექტორში გადასვლით ბიძინა ივანიშვილი მიზნად ისახავს არა დემოკრატიის ზონის გაფართოებას და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა-განმტკიცებას, არამედ საკუთარი ოლოგოპოლიური კლანის პოლიტიკური ბატონობისათვის სოციალური სივრცის გაფართოებას. ამასთან, აღნიშნულ პროცესში ის დაეყრდობა ჩვენი საზოგადოების ყველაზე არადემოკრატიულ, არალიბერალურ, ანტიდასავლურ, მარგინალურ და დამანგრეველ ჯგუფებს. სწორედ ამ ჯგუფების რეკრუტირებით მოხდება მისი სამოქალაქო ქსელის ჩამოყალიბება.

არასამთავრობო ორგანიზაციის და მისი სატელიტური NGO-ების შექმნით ივანიშვილი გადადის ახალ ტაქტიკაზე - ქსელური შეტევის და საკუთარი მიზნების ქსელური უზრუნველყოფის ტექნოლოგიაზე. „მოქალაქე“ და მის ორბიტაზე მოძრავი სატელიტი არასამთავრობო ოგანიზაციები არსებითად იქნებიან მმართველი კოალიციის სუბპარტიული სოციალური ქსელები, რომლებიც სულ ცოტა ორ ფუნქციას შესარულებენ: ერთი მხრივ, ხელს შეუწყობენ მმართველი კოალიციის სტრატეგიული პროგრამების ფართო მასებში დადებითი კუთხით აღქმას და, მეორე მხრივ, ქსელური სტრუქტურების აქტორთა სახით რეჟიმის სოციალური ბაზის გაფართოებას (ყოველ შემთხვევაში, მხარდამჭერთა რაოდენობის პროგრესირებადი შემცირების შეჩერებას).

სხვათა შორის, ივანიშვილის „არასამთავრობო“ მოღვაწეობის შესაძლო შედეგებზე შეიძლება წარმოდგენა შეგვიქმნას „ოქტომბრის რეჟიმის“ განვლილი 15- თვიანი პერიოდის საზოგადოებრივმა პრაქტიკამ. ამ მხრივ, რეჟიმის „სოციოლოგიის“ მთავარი მონაპოვარია ქართველ ხალხში პათოლოგიური სოციუმის ჩამოყალიბების საწყისი ნიშნები. როგორც წესი, პათოლოგიური სოციალიზაციის ერთ-ერთი საფუძველი არის ადამიანთა ცნობიერებაში რწმენის დაკარგვა და უსაზღვრო სკეპტიციზმის დასადგურება. ვთვლით, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ძირითადი დეტერმინანტი ხდება ტოტალური დისბალანსი წინასაარჩევნო დაპირებებსა და არჩევნების შემდგომ რეალურ პოლიტიკას შორის. ეს შეუსაბამობა უახლოეს პერსპექტივაში გამოიწვევს საერთო-ეროვნულ სკეპტიციზმს და რწმენის დაკარგვას. შეიქმნება ვითარება, რომლის დროსაც ეს დისბალანსი და, ასე ვთქვათ, ოცნებების მსხვრევა გამოიწვევს მენტალურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ დარღვევებს მმართველი კოალიციის მრავალრიცხოვან მომხრეებში, რაც მათ გადააქცევს პათოლოგიური სიძულვილის მასად. გარკვეულ ეტაპზე ეს მასა აუცილებლად „გაექცევა“ „ქართულ ოცნებას“, გადაიქცევა დამანგრეველ ბრბოდ და გადაჯგუფდება რადიკალური არასისტემური ძალებისაკენ (ეს ტენდენცია უკვე სახეზეა ბურჯანაძის პარტიის 10%-ის სახით).

ცხადია, რომ სამოქალაქო სექტორში გადასული ივანიშვილი მაქსიმალურად შეეცდება ამ მასის მოთოკვას და გარკვეულწილად კონტროლქვეშ ყოლას, რაც სამთავრობო სექტორიდან პრაქტიკულად შეუძლებელია.

პათოლოგიური საზოგადოების ფორმირების მეორე მექანიზმია ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ პოლიტიკა. საგულისხმოა, რომ ამ პოლიტიკის ერთგვარი საბაბი ნამდვილად შექმნა ყოფილი ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მართლმსაჯულების სფეროში, მაგრამ ამან შექმნა მხოლოდ საბაბი ზედაპირული ეფექტისათვის და რეალური მიზეზების შენიღბვისათვის. რეალური მიზეზები კი მდგომარეობს ეფექტური ოპოზიციის დეზორგანიზაციის და ოლოგარქიულ-პლუტოკრატიული ავტორიტარიზმისათვის გზის გაკაფვის მცდელობაში.

ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესი დაიწყო ტოტალური სიცრუით 2011-2012 წლებში და გრძელდება რეპრესიებით და შერჩევითი მართლმსაჯულებით 2012 წლის ოქტომბრიდან. ამ „პოლიტიკას“ ორი მთავარი მიზანი აქვს, თანაც ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგამომდინარე: ერთია - რეალური და ქმედითი ოპიზიციური მოძრაობის შეკავება, რეპრესიული ზეწოლა, შანტაჟი, დაშინება, საბოლოო ჯამში - პოლიტიკური ოპოზიციის ნების დაჩლუნგება და ნეიტრალიზაცია; მეორე - მოსახლეობის ფართო ფენების „ტვინის გამორეცხვით“ და „სამართლიანობის აღდგენით“ დემაგოგიით მუდმივად ნარჩუნდება კრიტიკული აზროვნება და ემოციური ელექტორატის ატმოსფერო, რაც „სამართლიანობის აღდგენის“ არხებით მუდმივად მიედინება ამ პოლიტიკის მსხვერპლისაკენ და არა საკუთრივ მმართველი რეჟიმისაკენ. ამ თვალსაზრისით „სამართლიაობის აღდგენა“ წარმოადგენს საზოგადოების კრიტიკული მასის სხვა მიმართულებით გადანაცვლების ტექნოლოგიას, რასაც ჯერ-ჯერობით წარმატებით იყენებს ხელისუფლება.

ეჭვგარეშეა, რომ ივანიშვილის სამოქალაქო სექტორი კიდევ უფრო გააფართოვებს „სამართლიანობის აღდგენის“ სოციალურ ბაზას და გაზრდის ამ პოლიტიკის მოთხოვნადობის მაშტაბებს. ივანიშვილის არასამთავრობო ქსელი იქნება პოლიტიკური ტერორის სამთავრობო სისტემის „ქვემოდან“ უზრუნველყოფის მექანიზმი, მისი სოციოეტალური კატალიზატორი.

პათოლოგიური საზოგადოების შექმნის მესამე სოციოეტალური მიზეზი არის საკუთრივ ივანიშვილის პიროვნების ირგვლივ შექმნილი კულტი და ერთგვარი კერპთაყვანისმცემლობა. მისი ქველმოქმედება და მეცენატობა თავისთავად სრულიად ცხადი და ანგარიშმიუცმელი ფაქტია. მაგრამ პოლიტიკური ხელისუფლების სათავეში მოსვლით ოლიგარქმა თვითონვე მოახდინა ამ ფაქტის დევალვაცია, შესძინა რა მას პოლიტიკურად მოტივირებული მეცენატობის სახე. ეს ქველმოქმედება თავიდანვე მიმართული იყო ამა თუ იმ სფეროში „ფოკუს-პიროვნებებისა“ და „ფოკუს-ჯგუფების“ მიზნობრივი დაფინანსებისაკენ, რათა შესაბამისი დროის დადგომისთანავე მათ გაეწიათ პროპაგანდა ივანიშვილის მაღალი საზოგადოებრივი რეიტინგის უზრუნველსაყოფად. 2011 წლის 7 ოქტომბრის განცხადების გამოქვეყნებისთანავე ივანიშვილის მიერ ადრე გაღებული თითოეული თეთრი მყისიერად გადაიქცა პოლიტიკურ კაპიტალად, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში - პოლიტიკური კორუფციის კაპიტალად. დღეს ივანიშვილის კულტს, სოციალურ იმიჯს ქმნის სწორედ ქველმოქმედი მეცენატის ფიგურალური „ხატი“, რაც მასაში იწვევს განყენებული აღფრთოვანების, ცხოველური აღტკინების და შიშველი ემოციის ატმოსფეროს.

„თუ სამართლიანობის აღდგენის“ ლოზუნგი აყალიბებს პათოლოგიური სიძულვილის მდგომარეობას, ივანიშვილის კულტი ქმნის პათოლოგიური სიყვარულის ატმოსფეროს. პათოლოგია კი ყველა შემთხვევაში პათოლოგიაა.

ერთ სიტყვით, ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული NGO-ების ქსელი ვერც ერთი ასპექტით ვერ იქნება ჭეშმარიტი არასამთავრობო სექტორის სუბიექტი, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მედიუმი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როგორღა მოისურვებს, ან, სურვილის შემთხვევაში, როგორღა შეძლებს ივანიშვილი მის მიერვე ხელდასხმული მმართველი ბიუროკრატიის კრიტიკას, ოპონირებას, რაც, როგორც წესი, არასამთავრობო სექტორის ცენტრალური ფუნქციაა.

შექმნილ პირობებში აუცილებელია ჩამოყალიბდეს ივანიშვილის „მოქალაქის“ და პროივანიშვილური NGO-ების სისტემის საპირწონე ალტერნატიული ქსელი, რომელშიც შევლენ მდგრად პროდასავლურ, ანტისაოკუპაციო, ზომიერ-ლიბერალურ და ზომიერ-ნაციონალისტურ პლატფორმაზე მდგარი ორგანიზაციები და ჯგუფები. სტრუქტურული მხარე, იქნება ეს ალიანსი, ერთიანი ცენტრი თუ მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ფორუმი, შეიძლება ეტაპობრივად დაიხვეწოს.

აღნიშნული ქსელის მთავარი მიზანი, მისი მოქმედების არსი უნდა იყოს შემდეგი: ერთი მხრივ, გარკვეულ სფეროებში საქართველოს მიღწევების გადარჩენა, მეორე მხრივ, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პლატფორმაზე მდგომი ყველა ძალის გაერთიანება და „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტი სუბიექტების იზოლაციაში მოქცევა.

აუცილებელია „ოქტომბრის რეჟიმის“ საზოგადოებრივი კონტროლი, რათა სისტემატურად გაანალიზდეს მისი ქმედებების თანაფარდობა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, პრინციპების თუ „წითელი ხაზების“ ზოგადსახელმწიფოებრივ სისტემასთან.

საჭიროა შემუშავდეს გარკვეული კონცეფცია, რომელსაც ექნება „ოქტომბრის რეჟიმის“ საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართ პრევენციული სტრატეგიის შინაარსი.

საჭიროა შეიქმნას ექსპერტთა და ანალიტიკოსთა ჯგუფები, რომლებიც განახორციელებენ მმართველი კოალიციის მიერ წარმოებული პოლიტიკის მონიტორინგს და დიაგნოსტიკას შესაბამის სფეროებში. ისინი ადექვატურ შეფასებას მისცემენ რეჟიმის მიერ გადადგმულ ცალკეულ ნაბიჯებს, გაანალიზებენ მისი პოლიტიკის კომპონენტებს, შექმნიან და საზოგადოებას წარუდგენენ ალტერნატიულ ხედვებსა და მიდგომებს.

საჭიროა დაიწყოს ერთიანი მშვიდობიანი ანტიოლიგარქიული მოძრაობა და შემუშავდეს ერთიანი ანტიოლიგარქიული მოძრაობის მანიფესტი.

ყველაფერი ერთიანდება ერთ პოლიტიკურ მიზანში - საქართველოში დაიწყოს ივანიშვილის „ოქტომბრის რეჟიმის“ მშვიდობიანი და კონსტიტუციური დემონტაჟის პროცესი და ამისთვის პირობების მშენებლობა დაიწყოს საზოგადოებრივი სექტორიდან.

დაზმირ ჯოჯუა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,

მოძრაობა ,,დაბრუნების“ წევრი

მასალა გამოქვეყნებულია http://iveria.biz/346--.html





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42