რამდენიმე წუთის წინ გეგუთის კოლონია სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დატოვა, რომელიც პატიმრების მოსანახულებლად ციხეში იმყოფებოდა.
გიორგი ლაბაძის თქმით, თვითდაზიანება სულ 46-მა პატიმარმა მიიყენა.
„სახალხო დამცველის რწმუნებულები შევხვდით პატიმრებს, მათ შორის იმ პატიმრებს, რომლებმაც თვითდაზიანებები მიიყენეს. მათი რაოდენობა არის 46, მათგან 16-ის გადაყვანა აუცილებელი გახდა სამოქალაქო კლინიკებში. ამჟამად ყველას მდგომარეობა ნორმალურია. როგორც მსჯავრდებულები ამბობენ, თვითდაზიანებას მიმართეს იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ საღამოს საათებში რამდენიმე პატიმარი შეუძლოდ გახდა და მათ სამედიცინო დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს. ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ახსენა, რომ ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას და ასევე იყო ნახსენები სპეცნაზი. ეს იყო პატიმრების პროტესტის მიზეზი. რეალურად სპეცნაზი იქ არ შესულა“ - განაცხადა ლაბაძემ.
მისი თქმით, გეგუთის კოლონიის მსჯავრდებულები შიმშილს კვლავ განაგრძობენ. მათი მოთხოვნაა ჩატარდეს გამოძიება და შეიცვალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა.
მასალის გამოყენების პირობები






