გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს დირექტორმა რუდოლფ შოხმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია ”პრევენციისა და მზაობის სისტემის გაძლიერება - მეორე ეტაპი“ (Strengthening of the Prevention and Preparedness System-Phase II)” პროექტის განხორციელება და საქართველოში კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაძლიერება. პროექტი განხორციელდება ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც მაღალია ბუნებრივი კატასტროების რისკი და ხელს შეუწყობს მოსახლეობის დაცვას სტიქიური მოვლენებისაგან. ამასთანავე, მისი განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად რისკების მართვის (შვეიცარიის გამოცდილების საფუძველზე) მეთოდოლოგიის სისტემური მიდგომის შემუშავება და გამოყენება ეროვნულ დონეზე. პროექტი მიზნად ისახავს კატასტროფების მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში სამთავრობო დონეზე. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს CHF 625’000 შვეიცარულ ფრანკს.
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გამოიყენებს მიღებულ ცოდნასა და მეთოდოლოგიებს რისკების რუკების შესადგენად.
- ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შესაძლებლობა მიეცემათ გამოიყენონ ინფორმაცია და რეკომენდაციები წარმოდგენილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ კონკრეტული პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს სასწავლო კურსების ჩატარებას მუნიციპალური მეხანძრეებისა და მაშველებისათვის.
1967-2009 წლებში საქართველოს ტერიტორიის 70% მოხვდა ბუნებრივი ჰიდრო-მეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების ქვეშ. კატასტროფების რისკის ზონაში მოხვდა 3.000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი და 400.000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ნაგებობა, 1.5 მლნ. ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული, 550 კმ გზები დაზიანდა და/ან მოიშალა. დაახლოებით 60.000 მოსახლე ეკოლოგიურ მიგრანტს წარმოადგენს და გადასახლდა სხვა ტერიტორიაზე. ეკონომიკური დანაკარგები ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეადგენს 14 მილიარდ აშშ დოლარს და 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მხოლოდ 1987 წლიდან 600 ადამიანი ემსხვერპლა ბუნებრივი კატასტროფებს.
მასალის გამოყენების პირობები






