დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის MIGA-ს (მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო) რეგიონულ მენეჯერს ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში ოლივერ ლამბერტს, MIGA-ს მრჩეველს დაზღვევის საკითხებში ქრისტოფერ მილვორდს და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს აჰმედ აივეიდას შეხვდა. აღნიშნული ორგანიზაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და მისი დანიშნულება, სახელმწიფოსათვის სტრატეგიული საჯარო პროექტების განხორციელების მიზნით, განვითარებად ქვეყნებში კერძო ინვესტიციების მოზიდვა და წახალისებაა.
როგორც დავით ნარმანიამ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია კერძო-საჯარო ინვესტიციების განხორციელებით და ამ თვალსაზრისით საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით. მინისტრი MIGA-ს წარმომადგენლებს საქართველოსათვის სტრატეგიული პროექტების სიას გადასცემს. ასევე, დაგეგმილია MIGA-ს წარმომადგენლების შეხვედრა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ელგუჯა ხოკრიშვილთან, რის შემდეგაც მხარეები კონკრეტულ პროექტების თაობაზე ჩამოყალიბდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






