იუბილესთან დაკავშირებით, შედგა რეჟისორის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ბიოგრაფიულ-მემუარული წიგნის, - „მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა“ პრეზენტაცია.
წიგნი ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით გამოიცა; პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ნინო ნატროშვილია. წიგნში „მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა“ შესულია როგორც თავად ელდარ შენგელაიას, ასევე გია ყანჩელის, გია დანელიას, ლომერ ახვლედიანის, რეზო ჭეიშვილის, იმედა კახიანის მოგონებები. შესავალი მერაბ კოკოჩაშვილს ეკუთვნის. წიგნი გვაწვდის მნიშვნელოვან ცნობებს ქართული კინოს ისტორიის შესახებ; მასში მოთხრობილია არაერთი საინტერესო ისტორია შენგელაიების და ნატა ვაჩნაძის ოჯახის შესახებ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ელდარ შენგელაიას ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზი „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.
საიუბილეო საღამო დაასრულა ფილმის ჩვენებამ, სადაც 2013 წელს, მოსკოვში გამართული ელდარ შენგელაიას შემოქმედებითი საღამოა აღბეჭდილი.
ელდარ შენგელაიას საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე, ელდარ შენგელაია, რეჟისორის მეგობრები, კოლეგები, კინოსა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრენ.
მასალის გამოყენების პირობები