,,ვარსკვლავთბიჭუნა უნდა გავხდე (იცინის). დათო ოქიტაშვილმა ამის გაკეთება 6-7 წლის წინ შემომთავაზა, მაგრამ არავითარი სურვილი არ მქონდა, ასე ადრე "ქვა დამედო". ბატონი დავითი შესანიშნავი ადამიანი და მეგობარია. მერე ეს ყველაფერი ისეთი ფორმით მომაწოდა, უარი აღარც მე ვუთხარი, რომ იმ კოჰორტასთან ერთად, რაც ფილარმონიის შესასვლელთან ქვაშია გამოხატული, ჩემთვისაც მოინახოს ადგილი. დაე, ხალხმა იაროს ჩემზე (იცინის). რამეთუ, ამ შემთხვევაში, ჩემი გული, არსი, გონი და სხეული ხალხს განეკუთვნება, სული - უფალს“, - აცხადებს თემურ წიკლაური.
მომღერალი ანსამბლ ,,ივერიის“ განვილილ გზაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით დალხენილი არ ყოფილა. თემურ წიკლაური ტკივილით იხსენებს ანსამბლის გარდაცვლილ წევრებს და მის პირად ოჯახურ ტრაგედიას.
,,საინტერესო ფაქტია, რომ ჟურნალ "გზაში" ჩემი ცხოვრების გზა იქნება მოტანილი. ჩემი გზა მხოლოდ დალხენილი არ იყო. ის იყო ვარდი, რომელსაც ეკლებიც აქვს. მართალია, "ივერია" ვარდი იყო და ასევე დარჩა, მაგრამ ეკლებიც ჰქონდა. ხუთი წევრი და ყველასათვის საყვარელი ადამიანები დავკარგეთ: ალექსანდრე ბასილაია, გოგი ლეონიძე, ამირან ბოჭორიშვილი, ავთანდილ შარაშენიძე, თენგიზ ჩხეიძე. პირადად მე, გადამხდა ის, რისი ვაჟკაცურად გაძლებაც ძნელი იყო, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევამ, მისმა მხარში ამოდგომამ გამომიყვანა რთული მდგომარეობიდან და ფეხზე დამაყენა. რა თქმა უნდა, მეგობრებიც ძალიან დამეხმარნენ. ესეც ჩემი გზაა. დრო რომ გადის, ადამიანს უფრო მეტად დადებითი მოგონებები "აწუხებს", ვიდრე - უარყოფითი, მაგრამ გააჩნია ამ უარყოფითსაც... ერთი რამ შემიძლია ზუსტად ვთქვა - "ივერია" არასოდეს დამარცხებულა და ეს ლიტონი სიტყვები არ არის.
1971 წელს ჩემმა მეგობარმა და ძალიან ახლობელმა ადამიანმა - ჯემალ ბაღაშვილმა, რომელსაც 55 წელია, ვიცნობ, შემომთავაზა, რომ ერთად ვყოფილიყავით. მაშინ "ივერიაც" ახალი შექმნილი იყო. ბავშვობის მეგობარს ვერ ვუღალატე და ამ ანსამბლში გადმოვედი. იმის შემდეგ, ჩავჭიდეთ ერთმანეთს ხელი, ჩემს მეუღლესთან - ლილი ზღვაურთან ერთად და ასე მოვდივართ ამდენი წელია... ჩვენ ქვეყანასა და ხელოვნებას ვემსახურებით“, - აცხადებს თემურ წიკლაური ჟურნალ ,,გზასთან“ ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები