წესის მიხედვით გურულები თხილის ნედლი შტოდან საგანგებოდ თლიდნენ ჩიჩლაკს, რომელიც აუცილებლად კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით უნდა ყოფილიყო მორთული. გურულ ჩიჩილაკს დღემდე ,,ქართულ ნაძვის ხესაც’’ უწოდებენ. ჩიჩილაკი ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული და ახალი წლის სიმბოლოს წარმოადგენს. ჩიჩლაკის ტრადიცია იმერეთშიც ჰქონდა და ხშირად მას ენდროთიც ღებავდნენ.
ჩიჩლაკმა იმდენად ქართლი ხასიათი შეიძინა, რომ დღეს მას საქართველოს ყველა კუთხეში იყენებს საახალწლო ,,ნაძვი ხის’’ სიმბოლოდ და ტრადიციულად, სწორედ სხვადასხვაგვარი კანფეტებით ირთვება.
როგორც უმეტესობა ქართული ტრადიციებისა, ჩიჩილაკიც ქრისტიანულ სიმბლოს უკავშირდება, კერძოდ კი წმინდა ბასილ დიდის სახელს. 14 იანვარი, ძველი სტილით ახალი წელი, სწორედ წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეა.
გურიაში ჩიჩილაკს ,,ბასილის ფაფუკ წვერებსაც’’ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი ,,ბასილის პურს’’ უწოდებდნენ.
ნათლისცემის წინა ღამეს ჩიჩილაკს აუცილებლად წვავდენენ და სჯეროდათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა. ტრადიციის მიხედვით, დღესაც სწორედ ნათლისღებამდე უნდა აიღოს ოჯახმა საახალწლო ,,ნაძვის ხე’’.
ერთი კვირით ადრე ემზადებოდნენ გურიაში კალანდის შესახვედრად. სულხან-საბა წერს, რომ კალანდა წლის თავია, ,,რომელთა იმძნიანო’’. მძნა თავის მხრივ ,,ბოროტად დათქმაა’’. ამიტომ კალანდასაც შესაშური სიუხვით ხვდებოდნენ: იკვლებოდა საკალანდოდ საგანგებოდ გასუქებული ღორი, ქათმები, ინდაური, ბატი თუ იხვი; იზილებოდა ღომი, ცხვებოდა კეცის მჭადები და ჭყინტყველიანი ხაჭაპურები, უტკბილესი ნაზუქები; კეთდებოდა საცივი. დედები და ბებიები გადანახულ ჩურჩხელებსა და ჩირებს სწორედ მაშინ გამოამზეურებდნენ, ამას თან ემატებოდა გურული ღვინო და ეწყობოდა საკალანდო ტაბლა. მინიმუმ ათი დღე მაინც არ ეკარებოდა გურული კაცი ღვინოს, საკალანდოდ თავის შესანახად. კალანდას ოჯახი ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი უნდა შეხვედროდა. შემოვიდოდა კალანდა და ხასანბეგურა და კრიმანჭულიც დაიგუგუნებდა. პირველი სადღეგრძელო გურული ოჯახში მშვიდობისა იყო, რომელიც ძალიან ბევრი წელი გურულებზე სახუმაროდ თემადაც იყო
გამხდარი, მაგრამ როგორც დღეს გურულები შეგვახსენებენ ხოლმე - ხომ ვყოფილვართ მართლებიო...
ბედობასაც თავისებური სახელი ჰქონდა - ფერხვა. ფეხადი ამ დღეს მარცვალს უყრის შინაურ ფრინველს და ზედ აყოლებს - ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროზიო (ანუ სხვაშინაური ფრინველი).
ქრისტეშობის მარხვის შემდეგ ხსნილიც თავისებური იყო გურიაში, გურულები ,,დიდი ხორცით’’ არ გაიხსნილებდნენ მარხვას. გურია საშობაოდ ხაციცით ანუ ფრინველთა ხორცით იხსნილებდა - ოჯახის თითო წევრზე თითი ქათამი იკვლებოდა.
ნათლულს კი ნათლიასთან 60 კვერცხით გამომცხვარი ღვეზელი მიჰქონდა. ღვეზელს თავისი მოსართავი კვერცხი ჰქონდა, რომელსაცჩელტზე აშრობდნენ, რომ არ ჩაშლილიყო. კეცზე ღვეზელთან ერთად მასში ჩარჭობილი ცამეტი შაშვი იწვებოდა. ღვეძელთან ერთად ჩააწყობდნენ მოხარშულ ინდაურს, დედალს, თაფლს, არაყს, ჯანჯუხას, ოჯახის უფროსი ხელში დოქს დაიჭერდა და ნათლულს ნათლიასკენ მიუძღვებოდა...
ასეთია ტრადიციულ გურიაში ტრადიციული ახალი წლის დღესაწაული.
,,შემოდიოდა ჩვენში კალანდა’’
ანა კალანდაძე
,,და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა...’’
გილოცავთ!
სააგნეტო ,,ნიუპოსტი’’
მასალის გამოყენების პირობები