საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი მეწარმის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ცნობილია საგადასახადო ორგანოსათვის, ყოველგვარი საფუძვლისა თუ წინაპირობის გარეშე ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი სამინისტროსათვის თუ სხვა საჯარო დაწესებულებისათვის.
მოქმედი კანონმდებლობით, მეწარმის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომია მხოლოდ ინფორმაცია მისი სამართლებრივი ფორმის, მისამართის, დამფუძნებლების, საგადასახადო დავალიანების შესახებ და სხვა მონაცემები, რომელიც მოცემულია საჯარო რეესტრის ბაზაში. სხვა ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს სასაქონლო-ფინანსურ ოპერაციებთან, წარმოების პროცესთან, ურთიერთობებთან სხვა საწარმოებთან, საგადასახადო ორგანოებთან, დაკისრებულ სანქციებთან არის საიდუმლო და მათი მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და სპეციალური პროცედურების დაცვით.
ცხადია, ამ ნორმის ამოცანაა დაიცვას მეწარმეობის დამოუკიდებლობა გარეშე ჩარევებისაგან და უზრუნველყოს ჯანსაღი კონკურენცია.
მთავრობის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილება ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს დაბალშემოსავლიანი დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების იდენტიფიკაციას მათთვის სოციალური დახმარების გასაწევად.
მიგვაჩნია, რომ ეს პოზიცია არ შეესაბამება თვით კანონპროექტის შინაარსს, რომლის თანახმადაც ყველა საჯარო დაწესებლებას ექნება წვდომა მეწარმის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მონაცემზე - თუკი დასახვეწია დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა სოციალური დახმარების სისტემა, მაშინ ცვლილება უნდა განხორცილებულიყო იმ სამართლებრივ აქტებში, რომელიც უშუალოდ არეგულირებს ამ დახმარების გაცემას. რა შუაშია ამ შემთხვევაში მაგალითად გარემოს დაცვის, სასჯელაღსრულების თუ სხვა სამინისტრო?
გარდა იმისა, რომ ზოგადად კანონპროექტის მიღება ეწინააღმდეგება მეწარმეობის თავისუფლებისა და ჯანსაღი ბიზნესგარემოს იდეებს, რეფორმატორთა კლუბი პროგნოზირებს სახელწმფო შესყიდვებთან დაკავშირებულ პრობლემებსაც, კერძოდ:
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვის დროს შემსყიდველი ორგანიზაცია მიმწოდებელ საწარმოსა თუ პირს შეარჩევს ჯერ შეთავაზებული ფასის, შემდეგ ტექნიკური დოკუმენტაციის (ინფორმაცია საქონლის ან მომსახურების შესახებ) და ბოლოს საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
როგორც ვხედავთ, შესყიდვის განხორციელების დროს მომწოდებლის შერჩევა უმთავრესად დამოკიდებულია ფასსა და შესყიდვის ობიექტზე, რაც შეეხება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მასში იგულისხმება ზოგადი ინფორმაცია საწარმოს შესახებ - დამფუძნებლები, სამართლებრივი ფორმა, სარეგისტრაციო მონაცემები, დავალიანება და სხვა ისეთი ინფორმაცია, რომელიც საჯაროა.
შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა ამომწურავად არ ჩამოთვლის, თუ რა საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს საწარმომ, რომ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვალოს, მაგრამ ადგენს, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ასეთი დოკუმენტების რაც შეიძლება მინიმალური რაოდენობა უნდა მოითხოვოს - პრაქტიკის შესაბამისად, იმ საწარმოებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ფასებისა და ტექნიკური პირობების შერჩევის ეტაპი, როგორც წესი სთხოვენ წამოადგინონ ცნობა, რომლის თანახმადაც მათ მიმართ არ მიმდინარეობს ისეთი პროცედურები, რომელიც შეუძლებელს გახდიდა სატენდერო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. დანარჩენი დოკუმენტაცია ისედაც საჯაროა და მათი მოპოვება შესაძლებელია ინტერნეტით.
იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველ ორგანიზაციას წვდომა ექნება ტენდერში მონაწილე საწარმოს ისეთ ინფორმაციასთან, რომელიც დაკავშირებულია მის ურთიერთობებთან სხვა საწარმოებთან, საგადასახადო ორგანოებთან, წარსულში საგადასახადო სანქციებთან და ა.შ., სატენდერო კომისიებს გაუჭირდებათ და დროში გაიწელება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, რაც საზიანოა როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ასევე საწარმოთა საქმიანობისთვის.
ამასთან, საგადასახადო საიდუმლოებაზე შეუზღუდავი წვდომა წარმოშობს შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ამ ცნობების ბოროტად გამოყენების რისკს, მოახდინონ არასასურველი საწარმოების დისკვალიფიკაცია ტენდერიდან, რაც კორუფციასთან იქნება დაკავშირებული.
ამრიგად, რეფორმატორთა კლუბი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






