საარჩევნო ადმინისტრაცია 2 ოქტომბრის არჩევნების ორგანიზებისთვის აქტიურად მუშაობს. 25 აგვისტოდან ეტაპობრივად დაიწყო საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესიც. Covid-19-ის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტით შემოწმებისა და შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდგომ, საუბნო საარჩევნო კომისიებში ტარდება პირველი სხდომები, სადაც კანონმდებლობის მიხედვით უნდა აირჩეს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და საარჩევნო კომისიის მდივანი. ეს არის საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის პირველი ეტაპი, რითაც ისინი ფაქტობრივად მზადებას იწყებენ, რომ 2 ოქტომბერს ამომრჩევლებს დახვდნენ სრულ მზადყოფნაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი კი, მისი წარმდგენი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის ფარგლებში, საფუძველს მოკლებული ქმედებებით, ამ პროცესის მიმართ უნდობლობის დანერგვას ცდილობს. კერძოდ, - მეორე დღეა საოლქო საარჩევნო კომისიებში შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრთა მიმართვები განცხადებების სახით.
განცხადებებში, რომლებიც ერთნაირი შინაარსისაა, პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები აპროტესტებენ საქმიანობას, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოთხოვნის შესაბამისად უნდა განახორციელონ. ამავე განცხადებებში მითითებულია, რომ პირველ სხდომებში პარტიის უფლებამოსილი პირების ჩართულობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.
ისინი კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს (მაგალითად ხელმძღვანელ თანამდებობებზე ასარჩევ პირთა წრე) აპროტესტებენ განცხადებების წარდგენით საოლქო საარჩევნო კომისიებში, რაც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში, ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გაუგებარია აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლების პოზიცია, ვინაიდან კანონმდებლობის მოთხოვნები ხელმძღვანელი პირების არჩევასთან მიმართებაში, მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, რომლითაც ცალსახადაა დადგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესი. აქედან გამომდინარე გაურკვეველია, კანონის ფარგლებში რა რეაგირებას ითხოვს აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტი საარჩევნო ადმინისტრაციისგან.
ვვარაუდობთ, რომ მიმდინარეობს დისკრედიტაციული კამპანია, რომელიც საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ უნდობლობის გამოწვევას ემსახურება.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობაში აქტიური ჩართულობისთვის არ არის აუცილებელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა, საამისოდ კომისიის ყველა წევრს გააჩნია თანაბარი შესაძლებლობა ჩართული იყოს საარჩევნო პროცესში.
მოვუწოდებთ საუბნო კომისიებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ წევრებს, განახორციელონ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობები, იმოქმედონ რეგლამენტის მიხედვით და იყვნენ კონსტრუქციულები. საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერი წევრის მხრიდან კანონშეუსაბამო ქმედებებზე, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება სათანადო რეაგირება.
მასალის გამოყენების პირობები