სამტრედიაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - საუბარია დანაშაულზე, რომელიც გასული წლის 23 დეკემბერს მოხდა. ირკვევა, რომ ქმარმა ცოლი საუზმის მომზადებაზე უარის გამო მოკლა. პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დამამძიმებელ გარემოებაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 23 დეკემბერს, ქ. სამტრედიაში მ.მ.-მ მეუღლეს ე.კ.-ს, საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის განზრახვით, დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ე.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1“ და „ვ“
ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ქალი ნასვამმა ქმარმა ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ქალი კი სისხლისგან დაიცალა. ცხედარი მოკლულის ქმრის ძმამ იპოვა. მიზეზი, რის გამოც ოჯახში კონფლიქტი იყო, მამაკაცის ალკოჰოლისადმი მიდრეკილებას უკავშირდებოდა. წყვილი ორი წლის წინ დაქორწინდა და ისინი მარტო ცხოვრობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები