გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაში რვა პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა მსუბუქია.
„პენიტენციურ სისტემაში ძალიან კარგად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და თანამშრომლების დიდი ნაწილი, ასევე ბრალდებულების და მსჯავრდებულების არის ვაქცინირებული 2 დოზით. ამდენად ინფექციის შიდა გავრცელების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული. გეგუთის შემთხვევაში ნამდვილად დაფიქსირდა თავდაპირველად ერთი შემთხვევა, საკარინტინო სივრციდან გადაყვანილი პირი გაიტესტა რამდენჯერმე, თუმცა ორი ტესტირების შედეგად არ დადასტურდა, მხოლოდ მესამე ტესტირების შემდეგ მოხდა დიაგნოზის დადასტურება. უსიმპტომოა, ის მის თანამესაკნეებთან ერთად გადაყვანილია სამოქალაქო სექტორის შესაბამის სივრცეში. მსუბუქი შემთხვევებია ყველა, მათ უტარდებათ შესაბამისი მეთვალყურეობა. რაც შეეეხება თვითონ გეგუთში მყოფ სხვა პირებს, ისინი გადავიდნენ აქტიური ტესტირების რეჟიმში, რათა მოხდეს დაახლოებით 8-10 დღის განმავლობაში მათი ინტენსიური ტესტირება.
ინფიცირებულია რვა პირი, რომელიც გადმოყვანილია სამოქალაქო სექტორში. ყველგან არის სიმშვიდე, არსად სხვაგან ინფექციის შემთხვევები დაფიქსირებული არ არის. ძალიან კარგია ვაქცინაციის მაჩვენებელი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები