ტელეკომპანია "ფორმულა" ვახო სანაიას საქმეზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
"მარტივი ფაქტი:
ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდამსხმელ 3 პირს 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა;
მათთვის მისჯილი 6 თვის გასვლა საეჭვოდ "დაემთხვა" ბოლო სასამართლო პროცესს და ისინი დღეს გათავისუფლდებიან.
გაცხადებული მოძალადეებისთვის მწვანე შუქის ანთება და მათთვის მინიმალური სასჯელის მისჯა არის ვალიდაცია პოტენციური მოძალადეებისთვის და საფრთხე ამ ქვეყანაში მცხოვრები თავისუფალი და განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებისთვის.
ბოლო რამდენიმე წელია, ხელისუფლება არათუ ახალისებს სიძულვილს ჟურნალისტების მიმართ, არამედ თავადაც ძალადობს მათზე. შეურაცხმყოფელი ლექსიკა, ჟურნალისტების დევნა, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ნორმა გახდა. 5 ივლისს კი საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში მოძალადეთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კრიტიკული მედიაა.
კლანის მიერ მართული სასამართლოს გადაწყვეტილება ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს მთავრობის მხრიდან გატარებული პოლიტიკის. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორი აქამდე არ დაუკავებიათ. ასევე, გამოუძიებელია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ განაჩენით დადასტურდა ვახო სანაიას მიმართ პროფესიული საქმიანობის გამო დევნა და ეს სამართლებრივი სახელი დაერქვა აწ უკვე მსჯავრდებულთა ქმედებას.
ხელისუფლების ინერტულობის, პოლიციის უმოქმედობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი მძვინვარებს და დაცული აღარავინაა" -ნათქვამია "ფორმულას" განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები