თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების - ვაჟა გიგაურის, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის პროცესი დასრულდა. სასამართლო სამივე პირის მიმართ განაჩენს 25 აგვისტოს გამოიტანს.
წინა სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა დაცვის მხარემ, ასევე საკუთარი საბოლოო სიტყვა წარმოთქვა სამივე ბრალდებულმა.
ვახო სანაიას განცხადებით, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.
"25 აგვისტოს ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, ყველაფერი ხელის გულზე დევს და მოსამართლემ ამ პროცესებზე ყველაფერი ნახა, იქნება ეს ვიდეომტკიცებულებები თუ ექსპერტიზის დასკვნა. საბოლოო სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა, რაც ღიმილისმომგვრელი იყო, სრული აბსურდი გაიმეორეს ისევ და იხვეწებიან გამოშვებას, ამაზე უნდა ეფიქრათ მაშინ, როდესაც ძალადობდნენ ოჯახზე და პატარა ბავშვის თანდასწრებით თავს დაგვესხნენ. რას ნიშნავს სასამართლოზე ზეწოლა, როდესაც მე და ჩემი კოლეგები დამნაშავეების დასჯას ვითხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ პრეცედენტი უნდა შეიქმნას ამ ქვეყანაში, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმისას პასუხი აგონ დამნაშავეებმა", - აღნიშნა ვახო სანაიამ.
მასალის გამოყენების პირობები