სისხლიანი გარჩევა და დაპირისპირება ჩხოროწყუში, სოფელ ხანძკის ცენტრში - მოკლულია 25 წლის ამირან მორგოშია, დაჭრილია მორგოშიას ძმა, მურთაზ მორგოშია.
შემთხვევა ღამის 2 საათზე მოხდა. ინციდენტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება და გარჩევა უძღოდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილია გიგა კეკუტია.
არსებული ინფორმაციით, მან მოკლული ამირან მორგოშია და მისი 2 ძმა სოფლის ცენტრში დაიბარა და 15 პირთან ერთად დანით შეიარაღებული დახვდა. ამირან მორგოშიას ჭრილობები მუცლისა და ზურგის არეში დანით აქვს მიყენებული. 25 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ასევე ცნობილია, რომ კეკუტია მორგოშიას თავს მანამდეც დაესხა. ის ამირან მორგოშიას სანადირო თოფით მიეპარა და მისი მისამართით გაისროლა, თუმცა მაშინ მორგოშიას ტყვია არ მოხვედრია.
კეკუტია ადგილიდან მიიმალა. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამირან მორგოშია საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.
მასალის გამოყენების პირობები