ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ბავშვთა ქირურგი ალეკო ბერულაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.
"მადლობელი ვარ უფლის, რომ შენი შვილი ვარ, ღმერთმა შენთან ერთად ყოფნის უბედნიერესი 33 წელი მაჩუქა... თუმცა ძალიან ადრე წაგიყვანა და დაგვაშორა ერთმანეთს, მაგრამ მადლიერების გრძნობა აღემატება შენი დაკარგვით გამოწვეულ წყენას და ტკივილს. ამიერიდან ყველგან შენ იქნები, ყველაფერი შენს თავს გამახსენებს, აქამდე თუ ერთი იყავი, ეხლა იმდენი იქნები, რამდენ ადამიანსაც უყვარხარ, ყველას გულებში გააგრძელებ სიცოცხლეს, ვერასდროს დაგივიწყებს, ვინც ერთხელ მაინც გნახა და შენი ღიმილის და სითბოს გემო გაიგო.
საუკეთესო ადამიანი და ექიმი რომ იყავი ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ მაინც რანაირად მოახერხე, რომ ამდენ ადამიანს ესე შეაყვარე თავი, აქამდე რომ არასდროს მინახავს, ისეთი ადამიანები ტირიან ცხარედ შენი წასვლის გამო, როგორ მოასწარი ამდენი სიკეთის გაკეთება, ამდენი სიყვარულის დათესვა?!
ყოველთვის მინათებდა და მიკვალავდა გზას შენი გაკეთებული სიკეთეები, ყოველთვის სიხარულით და სიამაყით მივსებდა გულს შენი გადარჩენილი პაციენტების მადლიერი მშობლების დალოცვა. ალბათ იმიტომ წახვედი ესე ადრე უფალთან, რომ ერთი კი არა ათი ადამიანის გასაკეთებელი სიკეთე გააკეთე უკვე, შენი ვალი მოიხადე შენი ქვეყნის, მეგობრების, ნათესავების, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების წინაშე...
მარადიული ამ ქვეყანაზე მხოლოდ ეს არის, სიკეთე და სიყვარული... მადლობა ამ ყველაფრისთვის, მადლობა ჩვენი ოჯახის შექმნისთვის, მისი ღირსეულად, ისევ და ისევ სიკეთით და სიყვარულით გაძღოლისთვის და მადლობა პირადად ჩემ მიმართ გაცემული შენი სიყვარულის, სითბოს, ყურადღების, მზრუნველობისთვის. მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ ეხლა რა ვქნათ, რომ ვერაფერს ვუხერხებთ იმ უდიდეს ტკივილს, რაც შენი წასვლით დაგვიტოვე, არ ვიცით, როგორ უნდა ვიცხოვროთ უშენოდ, მაგრამ ძალიან ვეცდებით ჩვენი ტკივილით არ დავამძიმოთ შენი ლამაზი სული, რომ მშვიდად განისვენო სამუდამო ცათა სასუფეველში.
დროებით გემშვიდობები იმ იმედით, რომ ისე ვიცხოვრებ, შენამდე მოვალ საბოლოოდ... უზომოდ მიყვარხარ და მენატრები... მომავალ შეხვედრამდე, ჩემო ცისფერთვალება მამიკო," - წერს ალეკო ბერულაშვილის შვილი მარიამი Facebook-ზე.
მასალის გამოყენების პირობები