აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში საქართველოში არსებუ ეპიდვითარებასა და სიკვდილიანობის რეკორდულ მაჩვენებელზე წერს.
იგი ამბობს, რომ დღეს სრული ლოკდაუნიც რომ გამოცხადდეს, უახლოესი რამდენიმე კვირის სიკვდილიანობას ვერ შეცვლის:
„უკვე დღეებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ კოვიდის დამანგრეველი შედეგები თვალნათელი მომდევნო კვირების განმავლობაში გახდება. სამწუხაროდ, რეალობა ისეთია, დღეს სრული ლოკდაუნიც რომ გამოცხადდეს უახლოესი რამდენიმე კვირის სიკვდილიანობას ეს ვერ შეცვლის. ახლა ვიმკით ზაფხულის უპასუხისმგებლობის შედეგებს...ყველას, ვინც არ ემორჩილება პრევენციის წესებს და არ იცრება (არ იცრება და არა, ვერ იცრება) თავისი წვლილი აქვს ამ ტრაგიკულ გარდაცვალებებში.
ყველაზე დრამატული ამ ისტორიაში არის ის, რომ ადამიანები კვდებიან დაავადებისგან რომლის პრევენცია შესაძლებელია.
დღეს უკვე ვერ დაადანაშაულებთ მთავრობას, რომ ვაქცინები არ გაქვთ. არჩევანი ნამდვილად არაჩვეულებრივია, არც რეგისტრაციაა პრობლემა.
უახლოესი დღეების პროგნოზი საიმედო არ არის. მეტი ინფიცირებული ნიშნავს სამედიცინო სისტემის მეტ გადატვირთვას. სასწრაფო, ოჯახის ექიმი, ჰოსპიტალი ყველაფერი იქნება ორიენტირებული მხოლოდ კოვიდზე.
დანარჩენი დაავადებების მოვლა სამწუხაროდ უკანა პლანზე გადაინაცვლებს და უამრავ ადამიანს დაუგვიანდება, ან საერთოდ ვერ მიიღებს დახმარებას. ასეთი იყო ამერიკული რეალობა პანდემიის პირველ კვირებში, მარტი-აპრილი 2020. საქართველოს ჰქონდა ორი წელი რომ ეს ტრაგედია არ დატრიალებულიყო. დრო დაიკარგა და ვერაფერი გაკეთდა.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვეულებრივმა ადამიანებმა იმისთვის რომ ტრაგედიის მასშტაბები შევამციროთ ჩვენივე ძალით.
ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ პრევენციის უმარტივესი წესები; ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა.
შევწყვიტოთ რისკის შემცველი აქტივობები, ქორწილები, თავყრილობები, ცეკვა-თამაში ახლო დისტანციაზე, არასავალდებულო მოგზაურობა და ასე შემდეგ.
ვეცადოთ არ გამოვიყენოთ სამედიცინო სერვისები არამიზნობრივად. უკიდურესი აუცილებლობის გარეშე არ გადავტვირთოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ზედმიწევნით ყურადღებით მოვეკიდოთ ქრონიკული დაავადებების მართვას და მაქსიმალურად ვერიდოთ ნებისმიერ აქტივობას რასაც მათი გამწვავება შეუძლია.
დაავადებების პირველივე სიმპტომების დროს დროულად მივიქციოთ პირველადი ჯანდაცვის ყურადღება, რათა უმართავ პროცესის ჰოსპიტალიზაცია ავირიდოთ.
ნუ იმკურნალებთ მეზობლების, დეიდების, ბიცოლების რეკომენდაციებით. ასე შეიძლება უკიდურესად დაამძიმოთ მდგომარეობა და მარტივად განკურნების ნაცვლად ჰოსპიტალური სექტორისთვის დამატებითი პრობლემა გახდეთ.
გამოიყენეთ სანდო, სამეცნიერო წყაროები სწორი ინფორმაციის მოსაპოვებლად. მიადევნეთ თვალი პროფესიონალების რეკომენდაციებს.
საკუთარი თავის გადარჩენით გადაარჩენთ უამრავ ადამიანს, ვისაც მართლა სჭირდება სამედიცინო სექტორის ყურადღება.
დაინდეთ სამედიცინო პერსონალი. თუ ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები გყავთ ექიმები, ექთნები, სანიტრები, შეუმსუბუქეთ მათ შრომა. მიეცით საშუალება არასამუშაო საათები მაქსიმალურად დაისვენონ, რომ ძალები მოიკრიბონ შემდეგი ცვლისთვის.
წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვის ფონზე უწევთ მათ ყოველდღიურად ბრძოლა თქვენი სიცოცხლისთვის.
აცრილებმა გააგრძელეთ პრევენციის წესების დაცვა ისევე როგორც აუცრელობისას უნდა დაგეცვათ. ნუ ჩამეძიებით კითხვებით, მაშინ აცრას რა აზრი ჰქონდა? ჰქონდა, თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად ჰქონდა. ნიღბის ტარებით კი სხვების სიცოცხლეს გადაარჩენთ. და რაც მთავარია აიცერით, სასწრაფოდ აიცერით.
ორსულები და მეძუძური დედები აცერით სასწრაფოდ. საქართველოში „ფაიზერია“ დაშვებული ორსულებისთვის და უამრავი კვლევა აჩვენებს რომ ის ნამდვილად უსაფრთხოა როგორცდედისთვის ასევე ნაყოფისთვის.
აცერით მშობლები, ბებიები, ბაბუები.
დაეხმარეთ ერთმანეთს სწორი ინფორმაციის მოძიებაში, დაარეგისტრირეთ აცრაზე ისინი ვისაც ტექნოლოგიებთან წვდომა შეზღუდული აქვთ. შეეხიდეთ ერთმანეთს რომ რაც შეიძლება ნაკლებად სტრესული იყოს გარემო ყველასთვის.
ნუ ეთამაშებით სიკვდილს!
ნუ გააუფასურებთ სხვების უბედურებას!
კოვიდი უამრავი ადამიანისთვის დასრულდება სიკვდილით ან ინვალიდიზაციით. ნუ უგულებელყოფთ ამ საფრთხეს, გთხოვთ!
P.S. მწყევლეთ, მაგინეთ, გადამიარეთ, ჩემი პროფესიული და ადამიანური მოვალეობა მალაპარაკებს. მიუხედავად ამხელა შეურაცხყოფისა მაინც გავაგრძელებ ადამიანების ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა პრევენციაშია.
პრევენცია კი უპირობოდ არის ვაქცინაცია, ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა ყველაფერი ერთად კომბინაციაში. არც ერთი ცალკე აღებული კომპონენტი არ მუშაობს. ეს ოთხივე კომპონენტი კომბინაციაში უნდა გამოვიყენოთ“, - წერს ნანა გეგეჭკორი.
მასალის გამოყენების პირობები