კავკასიის მედიცინის ცენტრში ონკოლოგიური პაციენტებისთვის ამერიკელ და ქართველ სპეციალისტებთან უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართება. 26-27 აგვისტოს პაციენტებს მიიღებენ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ასოცირებული პროფესორი და რადიაციული ონკოლოგი კრისტინა კილი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ივანე კილაძე და კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიური ცენტრის რადიაციული ონკოლოგი, ეთერ ნათელაური. ეს არის შესაძლებლობა პაციენტებისთვის, მსოფლიოში აღიარებული დონის რადიო-ონკოლოგების კონსულტაცია თბილისში მიიღონ.
კონსულტაციები 26-27 აგვისტოს, კავკასიის მედიცინის ცენტრში (პ. ქავთარაძის 23) გაიმართება და მასში ონკოლოგიის ცენტრის ექიმების გუნდი სრული შემადგენლობით იქნება ჩართული. ვიზიტის დასაჯავშნად მოქმედებს ტელეფონის ნომერი: 032 2 600 600.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კრისტინა კილი ონკოლოგიის ცენტრის ექიმებისთვის მასტერკლასსაც ჩაატარებს. გამართავს ასევე ინფორმაციულ შეხვედრას თანამედროვე რადიაციული თერაპიის როლზე ონკოლოგიური პაციენტების მართვაში. კილი ისაუბრებს ევექსის ჰოსპიტალური ქსელის შესაძლებლობებზეც რადიაციული თერაპიის მიმართულებით.
სწორედ კრისტინა კილის სახელი მიენიჭა ონკოლოგიის ცენტრს ქუთაისში, რომლის დაარსების დღიდანაც სერვისების განვითარებაში პროფესორი აქტიურად არის ჩართული. კრისტინა კილს აშშ-ში რადიაციულ ონკოლოგად მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. ის აშშ-ის რადიაციული ონკოლოგიის ექსპერტთა საბჭოს, ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის (ASCO) საბჭოსა და ამერიკის ნაციონალური სიმსივნის ქსელის (NCCN) კომიტეტის წევრია და გახლავთ კონსულტანტი რადიაციული ონკოლოგიის მიმართულებით. პროფესორი მრავალი სამეცნიერო კვლევისა და ნაშრომის ავტორია. ის აქტიურად თანამშრომლობს მისივე სახელობის ონკოლოგიის ცენტრთან ქუთაისში, სადაც ყოველი პაციენტის მკურნალობის პროცესშია ჩართული და პერიოდულად ადგილზე სამუშაო ვიზიტებს მართავს.
მასალის გამოყენების პირობები