წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ვ.ც.-მ, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
მათივე ინფორმაციით, ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: ვ.ც., ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზ.მ. და ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზურაბ ზვიადაურის ძმა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმა, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნ.კ.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - "სტეჩკინის" ტიპის პისტოლეტი და "საიგას" ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები