კამპანია ევექსი ჰოსპიტლებმა ქსელის მასშტაბით 18 სამედიცინო ცენტრში 1-ელ ივნისს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ კორპორაციის ინიციატივის ფარგლებში „მწვანე ჰოსპიტლებად", ანუ უსაფრთხო სამედიცინო ცენტრებად დასახელდებიან ის ჰოსპიტლები, სადაც 1-ელ სექტემბრამდე პერსონალის 80% სრულად იქნება ვაქცინირებული.
ცენტრებს შორის ერთგვარი სამედიცინო გამოწვევა საკმაოდ აქტიურ ფაზაში შევიდა. როგორც კამპანიის დასაწყისში დაანონსდა, „ყველაზე უსაფრთხო ჰოსპიტლების" გამოვლენა სექტემბერშია დაგეგმილი. თუმცა, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის ჰოსპიტალური ქსელი აანონსებს, რომ ვაქცინირებულ მედპერსონალთა 80 %-იანი ზღვარი უკვე გადალახა:
- სამეგრელოში - ფოთის ჰოსპიტალმა (85%)
- აჭარაში - მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურმა ჰოსპიტალმა (84 %)
მიმდინარე კვირის მონაცემებით კი 60%-იანი ზღვარი გადალახა:
- თბილისში - ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკამ - 66%
კამპანიაში ჩართულ ჰოსპიტლებში აქტიურად გრძელდება მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესი, პარალელურად კი მიმდინარეობს პროცენტული მაჩვენებლების ყოველკვირეული აღრიცხვა, რომლებიც, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჰოსპიტლების მთავარ facebook გვერდებზე გაზიარდება. საბოლოო შედეგები კი ცნობილი 31 აგვისტოს გახდება.
ჰოსპიტალური ქსელი ყველა ვაქცინირებულ მედპერსონალს უხდის მადლობას პროფესიული პასუხისმგებლობისთვის, რადგან პაციენტებისა და კოლეგებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, მეტი სიცოცხლის გადასარჩენად და პირველ რიგში, საკუთარი თავის დასაცავად, ვაქცინაცია უალტერნატივო გზაა.
ევექსი ჰოსპიტლები აღნიშნული კამპანიით კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს, მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის მხარდამჭერ კამპანიაში, რადგან ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადადგმული თითოეული ნაბიჯი ქვეყანაში პანდემიის დამარცხებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობია.
მასალის გამოყენების პირობები