თეა წულუკიანისადმი გავრცელებულ მწერალთა ეროვნული აკადემიის ღია წერილს ის მწერლები ემიჯნებიან, რომელთა სახელები და გვარები პუბლიკაციაში იყო მითითებული. მათი განცხადებით, წერილის ავტორს არაფერი შეუთანხმებია და საქმის კურსში არ ჩაუყენებია ისინი, მეტიც, ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც მიმართვა გავრცელდა. ზოგიერთმა მათგანმა ამ ფაქტის გამო მწერალთა აკადემიაც დატოვა.
პოეტმა ელდინო საღარაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში განმარტა, რომ შეურაცხყოფილია მისი სახელის ისე გამოყენებით, რომ ამის შესახებ არაფერი უთხრეს. საღარაძემ აღნიშნა, რომ ამ პოსტით მწერალთა აკადემიას ტოვებს:
"დილიდან არ წყდება ზარი ჩემს ტელეფონზე. მირეკავენ შეშფოთებული მეგობრები, აინტერესებთ რამ მიმაღებინა მონაწილეობა ჩემთვის ამ სრულიად შეუფერებელ საქმეში, რასაც ქ. თეა წულუკიანის მიმართ მწერალთა აკადემიის მიმართვა ჰქვია. მე კი მხოლოდ მათგან გავიგე ამ მიმართვის შესახებ. განსაკუთრებული წუხილი ამ ფაქტის გამო ბატონმა ლერი ალიმონაკმა გამოთქვა, როგორც ერთ-ერთმა ვითომ ხელისმომწერმა ამ მიმართვაზე. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ წავიკითხე წერილი.
გაოგნებული ვარ. კობა არაბულის ნიჭიერებისა და პატრიოტობის ამბავი მთელმა საქართველომ იცის. მაგრამ ამას არც ნიჭიერება ჰქვია და არც პატრიოტობა. სრულად ვემიჯნები წერილის პათოსს და ვთხოვ ბატონ კობა არაბულის, ჩემი ეს პოსტი მწერალთა აკადემიიდან გასვლის განაცხადად ჩათვალოს, სადაც მხოლოდ იმ მოტივით შევედი, რომ ქართული საქმე მეკეთებინა. ასე არ კეთდება ქართული საქმე!
შეურაცხყოფილი ვარ. სულ მცირე, რაც მიმართვის ავტორს უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ ხელის მომწერებს შეთანხმებოდა.
ბატონმა ლერიმ მთხოვა, ამ განაცხადის ბოლოს მისი ხელმოწერაც დამესვა, როგორც პოსტის ყველა პუნქტის გამზიარებლისა" - აღნიშნა საღარაძემ.
დაპირისპირების წინააღმდეგია პოეტი ჯუბა ღებელიც, რომელმაც ასევე ვერ გაიგო, მისი სახელი და გვარი წერილში როგორ აღმოჩნდა:
"ვინ აწერს ხელს არ ვიცი, ვინ წერს ამ წერილს არ ვიცი, შეიძლება რაღაც ისეთია, ზოგადად ვიღაცამ შეიძლება ჩემი პოზიცია, არ მინდა მათთან უხერხულად გამოვიდე, არ ვიცი მართლა რაზეა საუბარი, თვლიან, რომ მე მათ აზრს ვიზიარებ, მაგრამ მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ რამე დაპირისპირებისა და თავს ვიკავებ ხოლმე ესეთი რაღაცეებისგან, სულ ამ კუთხით ჩრდილში ვარ", - განმარტა პოეტმა.
წულუკიანისადმი მიმართვას გაემიჯნა მწერალი ლერი ალიმონაკი, რომლის პოზიციაც ზვიად კვარაცხელიამ გაავრცელა სოციალურ ქსელში:
"გულმა ვერ მომითმინა და დავურეკე ლერი ალიმონაკს. ჩემთვის არავის შეუთანხმებია ეს წერილი და საერთოდ მიუღებელია ის სტილი და პათოსი, როგორც ეს ტექსტია შედგენილიო.
ვაქვეყნებ მისი ნებართვით", - წერია პოსტში.
პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გაავრცელა და განმარტა, რომ მიმსი შემოქმედება ქართველ ხალხს ემსახურება, მათ ერთობასა და სიყვარულს და არც ახლა აპირებს, რომ ტრადიციას უღალატოს. ხარხელაურმა თავის პოსტში მწერალთა კავშირის დატოვებასთან დაკავშირებით გააკეთა განაცხადი:
"ბოლო პერიოდში, ქართულ მწერლობაში განვითარებული მოვლენები დიდ გულისტკივილს იწვევს ჩემში. სამწუხარო ფაქტია, რომ მწერლებმა საერთო ენა ვერ გამოვნახეთ და წარმოიქმნა ერთგვარად დაპირისპირებული მხარეები...
ჩვენს სამშობლოს, ამ უდიდესი გაჭირვების ჟამს, ყველაზე მეტად ერთიანობა სჭირდება. არადა იქმნება ისეთი გაურკვეველი მდგომარეობა, როცა რომელიმე მხარეს დგომა, მეორისაგან აღიქმება როგორც ვინმეს წინააღმდეგ ყოფნა.
მთელი ჩემი ცხოვრება და შემოქმედება ემსახურებოდა ქართველი ხალხის ერთიანობასა და სიყვარულს, ურთიერთშერიგებასა და მიტევებას. არც ამჯერად ვაპირებ ვუღალატო ჩემს პრინციპებს...
აქედან გამომდინარე, ვტოვებ მწერალთა კავშირს და საერთოდ წინააღდეგი ვარ ყოველგვარი გაერთიანების წევრობისა, რომელიც ხელს უწყობს ქართული მწერლობის რაიმე მხარეებად დაყოფას და ეროვნული მწერლობის დაკნინებას. ორივე მხარეს დგანან ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ურთიერთობა ჩემთვის დიდი პატივია და რომელთაც ყოველგვარ კავშირზე თუ გაერთიანებაზე მაღლა ვაყენებ… ტახტზე ფიქრია იოლი - დავითობაა ძნელი! თქვენით სავსე და უთქვენოდ მტვერზე უფრო მცირე" - წერია ხარხელაურის პოსტში.
მასალის გამოყენების პირობები






