"თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე, ილია თვალიაშვილზე ძალადობაში ბრალდებულ გიორგი წარუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი წარუაშვილის 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
სასამართლო სხდომაზე პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ხასიათზე მიუთითებდა და აღნიშნავდა, რომ წარუაშვილის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობდა.
გამოძიების ინფორმაციით, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გიორგი წარუაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილს, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.
გიორგი წარუაშვილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები