საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის, მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა წინ მიიღო.
მანამდე კი ბრალდებულმა წარდგენილი ბრალდება უარყო და თქვა, რო არც ერთ ჟურნალისტზე არ უძალადია და რომ 5 ივლისს "შემთხვევით მოხვდა" დაპირისპირების ადგილას.
წინასასამართლო სხდომა 2 სექტემბერს ჩაინიშნა.
გამოძიების ინფორმაციით, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გიორგი მაღრაძე და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს და ფიზიკური ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.
მასალის გამოყენების პირობები