დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაუარესებულია ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს. მისი თქმით, მდგომარეობის გაუარესება რეგულაციების შემსუბუქებამ გამოიწვია:
„სამწუხაროდ, ქვეყანაში გაუარესებულია ყველა მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას. ინციდენტობა 100 ათას მოსახლეზე, ახალი შემთხვევები, მოგეხსენებათ, დღეს 1 663 ახალი შემთხვევაა, სამწუხაროდ, ბოლო 7 დღის და 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი უკვე აცდა 4-პროცენტიან თამასას. ერთადერთი, ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რომელიც გახლავთ სიკვდილიანობა, ის მოდის ქვემოთ, გარკვეულ დღეებში არის ერთნიშნა ციფრზე, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს 13. რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაციის გაუარესება დაკავშირებულია იმ შემსუბუქებებთან, რაც განხორციელდა, რაც მთავარია იმ წესების არ დაცვასთან, რა რეგულაციებიც ჯერჯერობით არსებობს.
ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, მოსახლეობას, დავიცვათ ყველა ის წესი, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ. რასაც ვაკვირდებით, ნიღბებს უკვე დახურულ სივრცეებშიც აღარ ვატარებთ, ეს დაუშვებელია, ნიღაბი ვაქცინასთან ერთად ყველაზე მძლავრი დაცვის საშუალებაა. აუცილებელია ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში და გარე სივრცეში, სადაც ხუთ ადამიანზე მეტი ვიკრიბებით ერთამანეთთან ახლოს. მეორე - დისტანციის დაცვა, მესამე - სანიტარიზაცია, მეოთხე – აუცილებელია, თავი ავარიდოთ თავყრილობებს და შეკრებებს" - განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






