პროკურატურის განცხადებით, 5 და 6 ივლისს "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე კიდევ 5 პირს ბრალდება წარუდგინეს.
4 მათგანს ა.ნ-ს, თ.დ-ს, თ.ხ-ს, ი.ქ.-ს ბრალი - ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე აქვთ წარდგენილი.
ხოლო კიდევ ერთ პირს - ი.ყ.-ს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე.
"მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ბრალდებულები ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „პალიტრანიუსის“ წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მიერ არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება", - წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა, ა.ნ., თ.დ., თ.ხ, ი.ქ. და ი.ყ. 2021 წლის 6 და 7 ივლისს დააკავეს. ა.ნ.-ს თ.დ.-ს, თ.ხ.-ს და ი.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ი.ყ-ს ბრალდება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
უწყების ინფორმაციით, 5 და 6 ივლისს "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 8 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.
მასალის გამოყენების პირობები