18 დეკემბერს, სატყეო პოლიტიკის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის მე-4 სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი თამარ პატარიძე, არასამთავრობო, სამეცნიერო, საერთაშორისო ორგანიზაციების და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ა/წ 11 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება „ეროვნული სატყეო პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ დიდ წარმატებად მიიჩნევა. აღნიშნული დოკუმენტით დეკლარირებულია სატყეო რეფორმის განხორციელების აუცილებლობა.
ბიძინა გიორგობიანი ჯგუფის წევრებს რეფორმის განხორციელების მიზეზებსა და მიზნებზე ესაუბრა. მისი თქმით, საჭიროა დროული და მიზანმიმართული მოქმედება ცვლილებების განხორციელებისთვის. სატყეო სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, რომ სააგენტო დამოუკიდებელი უნდა იყოს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაში. უახლოეს მომავალში უნდა ჩამოყალიბდეს და გაძლიერდეს ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სამსახური, რომელსაც ექნება სატყეო მეურნეობის წარმოების, მათ შორის ინფრასტრუქტურის შექმნის, სამონადირეო მეურნეობების წარმოების, ხე-ტყის დამზადებისა და ტყის სხვა რესურსებით სარგებლობა-რეალიზაციის, ტურისტული და სხვა სახის მომსახურების გაწევის უფლებამოსილება. ასევე, შემოსავლების რეინვესტიციის უფლება.
შეხვედრის მონაწილეებს ეროვნული სატყეო რეფორმის კონცეფციის პროექტი გადაეცათ. სამუშაო ჯგუფი შენიშვნებს და წინადადებებს 2014 წლის 9 იანვარს ჩანიშნულ შეხვედრაზე წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






