“მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი სახელისუფლებო სტრუქტურების მედიასთან ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართავს:
"დავიწყებ ჩემი სოლიდარობით ყველა იმ ჟურნალისტის მიმართ, ვინც დღეს ფიზიკური ანგარიშსწორების გამიზნული სამიზნე იყო – მათი რიცხვი დიდია, ამიტომ მხოლოდ დასახელებით შემოვიფარგლები: ტელევიზიები, საინფორმაციო სააგენტოები, პრესა, რადიო – ყველა ის მედიასაშუალება, რომელიც ახლა ნაცემი, დაშავებული და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია – ჩემი პატივისცემა თქვენ! მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით დღეს მედიას სისხლი გვადინეს, აპარატურა დაგვილეწეს, ჩვენს თავს და ერთმანეთს ჩვენ ვიცავდით, იმ სახელმწიფოს სახე ვართ – დღეს ფსკერზე ქვემოთ რომ დაეშვა და ლამის ,,შიმშილის თამაშების” ქართული ვერსიის მონაწილეებად გვაქცია, მხოლოდ ერთი განსხვავებით – დღეს ჟურნალისტები ერთმანეთს და სხვებს ვიცავდით აგრესიული ბრბოსგან!
არასდროს მიყვარს პოლიტიკური სტატუსების წერა, მირჩევნია ჩემი საქმე ვაკეთო, მაგრამ ეს ჩემთვის წყალგამყოფია. ის ფურთხი, რომელიც დღეს ჰომოფობებისგან მივიღე გაწნულ სილასთან ერთად, აღარაფერს ვამბობ ფიზიკურად შეხებაზე – იმ სახელმწიფოს ფასია, რომელმაც ყველა ჟურნალისტი და ის ადამიანი გაიმეტა ჩაქოლვისთვის, ვინც თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებებს იცავს!
ახლა ერთი კითხვა მაქვს ჩემს იმ კოლეგებთან – სახელისუფლო სტრუქტურებში მედიასთან ურთიერთობების დეპარტამენტებში რომ სხედხართ და ტელევიზორებში უყურებდით ყველაფერს, ხვალ, ან ზეგ რომ შემხვდებით ქუჩაში, ან გადაღებაზე სილაგაწნული და ნაფურთხი ლოყა გადასაკოცნად როგორ მოგიშვიროთ?!
P.S. ხელისუფლებისგან წაქეზებულ ბნელ ძალასა და შეგნებულად განეიტრალებულ შინაგან საქმეთა სამინისტროზე წერას, აზრი საერთოდ არ აქვს.
ნაფურთხი – მე კი მოვიშორე, მაგრამ თქვენ ვინ ჩამოგწმენთ სახეს?!, – წერს დეა მამისეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები