გუშინ განხორციელებული კიბერ-თავდასხმის შემდეგ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის საიტი ამ დრომდე გათიშულია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუიას განცხადებით, ხარვეზების გამოსწორებისთვის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, ხვალიდან მოსახლეობა ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას კლინიკების ქოლ-ცენტრების საშუალებით შეძლებს, რათა არ შეფერხდეს მასობრივი აცრის პროცესი:
"24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა ბოლომდე ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა. ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიღებს.
გუშინდელი ინფორმაციით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა, რომ ხარვეზი აღმოფხვირილიყო. როგორც ჩანს, დაზიანება მეტად კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან შეფასდა. ამდენად, ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება.
კიბერშეტევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება მანამდე ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის თავიანთ ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი" - განაცხადა გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






