მსახიობი ნინო ხომასურიძე მათ შორის არის, რომლებიც ნაადრევად, არასრულწლოვნობის ასაკში დაქორწინდა. 13 წლის გათხოვდა, 14-ის ასაკში შვილი უკვე ჰყავდა. მან ასევე ადრე დაკარგა ყველა საყვარელი ადამიანი. დიდხანს იყო კარჩაკეტილი. უმძიმესი ავადმყოფობები გადაიტანა.
გთავაზობთ ნინო ხომასურიძის ინტერვიუდან ამონარიდს,რომელშიც ის თავისი ცხოვრების განვლილ გზაზე საუბრობს:
– ღვთის მჯერა, მაგრამ მორწმუნე არ ვარ, თუმცა ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, როგორც უფლისთვისაა მისაღები. ჩემი ცხოვრება შეიძლება სამ ეტაპად დავყო. 13 წლამდე ბავშვური ცხოვრება მქონდა. 13 წლისა გავთხოვდი. 14 წლისას უკვე შვილი მყავდა. ბედნიერი ქალი ვიყავი. 40 წლისას კი აღარც ქმარი მყავდა, აღარც – შვილები და აღარც – დედა. ყველაზე ახლობელი ადამიანები გვერდით აღარ მყავდნენ.
აბსოლუტურად მარტო დავრჩი. დავკარგე ყველა და ყველაფერი, უმდიდრესი ქალი ბომჟად ვიქეცი… მიჭირს თუ მილხინს, ჩემს ტკივილს და სატარებელ ჯვარს არავის ავკიდებ. 11 წელი სახლიდან გარეთ არ გამოვსულვარ. გადავიტანე ინფარქტი, თავში ანევრიზმა გამისკდა. 11 წლის შემდეგ თითქოს თვალი გავახილე, ხალხში გამოვედი…
ტრაგედიის შემდეგ პირველი როლი, რომელიც ითამაშა სპექტაკლ ,,ჯინსების თაობაში“, დედა იყო. სპექტაკლში მხოლოდ ერთი დედის სატკივარს არ ამბობს. ბევრი ქალის ტკივილს ეხება.
რამდენიმე წლის წინ ევროპელი რეჟისორების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ახლა ნინო ხომასურიძე საფრანგეთის საპატიო მოქალაქეა. საფრანგეთისა და საქართველოს ერთობლივ ფილმში „რაც ოთარი წავიდა“ მთავარ როლს ასრულებს. ფილმი საფრანგეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო მასში ნათამაშები როლისთვის „სეზარით“ დააჯილდოვეს.
…
ნინო ხომასურიძის კინონათლობა დიდი ხნის წინ შედგა. 12 წლის გოგონა რეჟისორმა ნანა მჭედლიძემ გადაიღო ფილმში „დაბრუნებული ღიმილი“, რომელიც რეზო ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით არის შექმნილი. ფილმში პატარა ნინო და სრულიად ახალგაზრდა სოფიკო ჭიაურელი დების როლებს თამაშობენ.
ნანა მჭედლიძემ ლამაზი გოგონა ქუჩაში ნახა და სინჯებზე მიიწვია. გახარებული ნინო მთელი დღე ემზადებოდა. ოცნებებში თავი უკვე მსახიობად წარმოედგინა. კინოსტუდიაში ბებიასთან ერთად მივიდა. იქ კი ისეთი სურათი დახვდა, რასაც არ ელოდა. სინჯებს უამრავი გოგონა გადიოდა. მათ შორის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებიც იყვნენ. უყურებდა, ისინი რეჟისორის მითითებებს როგორ ასრულებდნენ. შეშინებულმა ტირილი დაიწყო და ბებიას სთხოვა, წამიყვანე, აქ არ მინდაო. ატირებული გოგონა რეჟისორმა კართან შეაჩერა. სინჯები ატირებულს გადაუღო და როლზე დაამტკიცა.
ფილმის დასრულების შემდეგ მალევე გათხოვდა. მისი მეუღლე, ზურაბ ბზიკაძე, ნინოზე ათი წლით უფროსი იყო, პროფესიით მეღვინე.
– მკაცრი ბებია მყავდა. მისი სიმკაცრის მიუხედავად, 13 წლისამ გათხოვება მოვახერხე, – იხსენებს ნინო ხომასურიძე, – ზურა ფანტასტიკური ადამიანი იყო. მის თაობას კარგად ახსოვს. ჩემი მეზობელი იყო. ისე მიყვარდა, რომ ვგიჟდებოდი, ლამის კომაში ვვარდებოდი. ვეპრანჭებოდი, ვაგრძნობინებდი, რომ მიყვარდა. ის კი თავიდან, როგორც ბავშვს, ისე მექცეოდა, შოკოლადებს, ნაყინებს ყიდულობდა. მერე ხუმრობით მეუბნებოდა, ტყუილად გაჭამე ამდენი შოკოლადები და ნაყინებიო.
იმ წელს დედამ ბათუმში დეიდასთან ჩამიყვანა დასასვენებლად. თავად კი ისევ თბილისში დაბრუნდა. ერთ დღეს ბავშვებთან ერთად ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდი. ზურა ჩემ სანახავად ჩამოვიდა. რომ დავინახე, მის მანქანაში ჩავხტი… მისი ცოლი გავხდი. ჩემს გათხოვებას არავინ ელოდა. მშობლებს საშინელი რეაქცია ჰქონდათ. დედა ჩემს ქმარს დანით დასდევდა, სადაც ვნახავ, იქ მოვკლავო. მამა ამშვიდებდა, თავი დაანებე, მთავარია, ბავშვი ძალით არ წაუყვანიაო. სხვათა შორის, თურმე ბებია 12 წლისა გაათხოვეს, დედა ჩემზე მხოლოდ 18 წლით იყო უფროსი.
…
პირველი დიდი ტკივილი 14 წლის ასაკში გადაიტანა. ბიჭის დედა გახდა, მაგრამ თვეების შვილი გარდაეცვალა. ეტყობა, შვილი საერთოდ არ უნდა გამეჩინაო, ამბობს მსახიობი.
– სანამ ჩემს ცხოვრებაში ტრაგედიები დატრიალდებოდა, თეატრიდან თავად წამოვედი. არ ვიცი, ასეთი გადაწყვეტილება რატომ მივიღე. სულ სახლში, ჩემი ქმარ-შვილის გვერდით მინდოდა ყოფნა. როგორც ჩანს, წინათგრძნობა არსებობს. ალბათ გული მეუბნებოდა, რომ მათი ყურების, მოფერების საშუალება დიდხანს აღარ მექნებოდა.
ახლა რომ ვფიქრობ, ზურასაც ალბათ ასეთივე შეგრძნება ჰქონდა. მეუბნებოდა, კენგურუ ბედნიერი ცხოველია, ჩანთა რომ აქვს, რომ შეიძლებოდეს შენი ტარება, ყველგან თან გატარებდიო. ერთმანეთთან 29 წლიანი დიდი სიყვარული გვაკავშირებდა.
…
ტრაგედიები ერთმანეთს გადაება. მეუღლე მოულოდნელად გარდაეცვალა. ერთადერთი შვილი, 20 წლის გოგა, 1995 წელს დაიკარგა. მის გზა-კვალს ვერ მიაგნეს. თავის დროზე მის გაუჩინარებაზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. ათას მითქმა-მოთქმას წერტილი ისევ დედამ დაუსვა. ყველას ხმამაღლა გამოუცხადა, რომ მისი შვილი ცოცხალი აღარ იყო და ის ბიზნესინტერესებს შეეწირა.
– უბედურება ერთბაშად დამატყდა თავს. ხუთ წელიწადში ყველა ერთად დავკარგე. ზურა თავის დაბადების დღეზე მოულოდნელად თრომბით გარდაიცვალა. სახლში დიდი ტაშ-ფანდური გვქონდა. ზურა იჯდა და… იქვე გარდაიცვალა. რამდენიმე თვეში კი გოგა დაიკარგა. კაციშვილმა არ იცის, ჩემი შვილი ცოცხალია თუ მკვდარი. ამდენი წელი მის ძებნას შევალიე. მისი ასავალ-დასავალი არავინ იცის. მოსკოვში სწავლობდა და მუშაობდა.
ჩემი ტრაგედიის შესახებ კულუარებში გამუდმებით ლაპარაკობდნენ, ყველა თავის ვერსიას ამბობდა, ჩემთან ლაპარაკს კი ვერავინ ბედავდა. ამისგან დავიღალე. საქართველოში ხომ ყველას ყველაფერი აინტერესებს. ჩემზე მეტად ამაზე ლაპარაკი არავის უჭირდა, მაგრამ მე მაინც დავუძახე პრესას, ტელევიზიას და გამოვაცხადე, ჩემი შვილი მკვდარია-მეთქი. ჩუმად უაზრო ლაპარაკს ამით მოვუღე ბოლო, რადგან ყელში ამომივიდა! შვილის სხეულიც ვერ ვნახე, რომ ადამიანურად დავასაფლავო… იმედის მემილიონედი პროცენტი, რომ ჩემი შვილი ცოცხალია, მაინც მქონდა და მაქვს. თორემ ყველანაირად დადგენილია, რომ გოგა აღარ არის…
აგრეთვე დაგაინტერესებს:
წყარო: sarkenews.ge
მასალის გამოყენების პირობები