კვლელობა ზესტაფონში - საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელია, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემას ედავებიან. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
"ზესტაფონში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ.ზ. დააკავეს.
ასევე, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები) რ.ბ., ხოლო ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისთვის (368-ე მუხლი) ხ.გ. დააკავეს",- წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით მკვლელობა მას შემდეგ მოხდა, რაც 2021 წლის 30 ივნისს, ზესტაფონში ერთ-ერთ სახლში სუფრაზე მყოფი სტუმრების სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
"რა დროსაც რ.ბ.-მ ლ.ზ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან ვ.ბ.-ს ესროლა. გულმკერდის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად ვ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ მომხდარი დანაშაულის შემდგომ ხ.გ.-მ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაანადგურა", - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები