საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას რძალი, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ჯაბაური ამბობს, რომ ემზადება საზოგადოებას სამი ძმის, ცოტნე, გიორგი და კონსტანტინე გამსახურდიების ამბავი მოუყვეს.
"მეგობრებო, პირველ რიგში უდიდესი მადლობა სიყვარულისთვის და იმ დადებითი ემოციებისთვის, რომელსაც ვგრძნობთ თქვენი მხრიდან. სწორედ პოზიტივი და მხოლოდ პოზიტივი, საყვარელი ადამიანების გარემოცვა, სიმშვიდე და სპეციალური ვარჯიშები არის ექიმის ის დანიშნულება, რომლითაც ჩამოვედით, ასევე ექიმის რეკომენდაციით, მშობლიურ ქვეყანაში.
დღეს მომინდა თქვენც ყოფილიყავით თანამონაწილე ჩვენი, ჩემი, ცოტნეს, გიორგის, ანისა და კონსტანტინეს ბოლო პერიოდის ერთგვარი ტრადიციისა, როცა ერთად, თუნდაც დისტანციურად, ვხარობთ წინ გადადგმული ყოველი პატარა ნაბიჯით ცოტნეს საბოლოო გამოჯანმრთელების გზაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს, სიყვარულს და ვამხნევებთ ერთმანეთს. ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი გვამოძრავებს ახლა - ცოტნე დაუბრუნდეს მის ჩვეულ მდგომარეობას, და, რადგან ძალა ერთობაშია, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ.
თქვენ არ იცით რეალურად როგორი ძმობა, სიყვარული და თავგანწირვა შეუძლიათ ერთმანეთისთვის, საყვარელი ადამიანებისა თუ ქვეყნისთვის ამ სამ ძმას. ერთხელ უნდა მოგიყვეთ ყველაფერი, სულ ყველაფერი - კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების ნამდვილი ამბავი", - წერს ანა ჯაბაური.
მასალის გამოყენების პირობები