ახალგაზრდა სპორტსმენი - სერგო გოგისვანიძე სპორტის უძველეს სახეობას - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას ადრეული ასაკიდან მიჰყვება და მის ძმასთან ერთად, ჯერ კიდევ პატარაობიდან ვარჯიშობდა, თავდაუზოგავად შრომობდა, ვითარდებოდა, რათა თავისი მიზნები განეხორციელებინა და ცხოვრებაში დიდი წარმატებებისთვის მიეღწია. შრომამ თავისი ნაყოფი გამოიღო და 20 წლის განმავლობაში, მის ანგარიშზე არაერთი წარმატებული ასპარეზობა და მოგებული შეჯიბრებაა. სერგო თავისი სპორტული კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს.
- ვარჯიში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2000 წლის იანვრიდან დავიწყე, ქუთაისში, სადაც ჩემი პირადი მწრთვნელი ელგუჯა მარუაშვილი იყო, ადამიანი რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებებში. მე და ჩემი ძმა მამამ სპორტზე მიგვიყვანა, რათა ჩვენი ფიზიკური შესაძლებლობებისათვის სწორი მიმართულება მიგვეცა და პირველი ნაბიჯებიც სწორედ აქედან დაიწყო, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
„უცხო ქვეყნებში საქართველოს დროშის აფრიალებამ უდიდესი სტიმული მომცა“
მიუხედავად პატარა ასაკისა, საქმეს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე და შედეგმაც არ დააყოვნა, მალევე, 2007 წელს, საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის მოვიპოვე ვერცხლის მედალი და გავხდი ეროვნული ნაკრების წევრი, ამ ყველაფერმა კიდევ მეტი სტიმული მომცა და უკვე 2008 წელს ჩემპიონი გავხდი ჭაბუკთა შორის, იმავე წელს, არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ვიასპარეზე წარმატებით, ბულგარეთის, სომხეთის, თურქეთის ტურნირზე მესამე ადგილის პრიზიორი გავხდი და ევროპის ჩემპიონატის საგზურიც ავიღე.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლამ და უცხო ქვეყნებში საქართველოს დროშის აფრიალებამ უდიდესი სტიმული მომცა, საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემს არჩევანში და ვარჯიში მეტი მონდომებითა და სპორტული ჟინით განვაგრძე.
„ერთმანეთისთვის იმ კონკრეტულ მომენტში კონკურენტებად ვიქეცით“
- მე და ჩემი ძმა - შოთა, სულ ერთად ვვარჯიშობდით, ჩემი საუკეთესო სპარინგ პარტნიორი იყო, ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას, იდეებსა და ჩვენს გეგმებს, დღეს ისიც ძალიან წარმატებული სპორტსმენია - 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია.
ყველაზე რთულ ორთაბრძოლად ჩემს კარიერაში საკუთარ ძმასთან ფინალური შეხვედრა და ჩემპიონობისათვის ბრძოლა მახსენდება, ეს იყო წუთები, როდესაც ერთმანეთისათვის იმ კონკრეტულ მომენტში კონკურენტებად ვიქეცით. გარდა ამისა, ერთმანეთი მაქსიმალურად გვყავდა შესწავლილი, ჭიდაობის პროცესში ერთმანეთის მოქმედებებს წინასწარ ვგრძნობდით, დაძაბული ორთაბრძოლა იყო და უხერხულად მახსენდება ეს შეხვედრა.
„ილეთის - „გდების“ საკუთარი ინტერპრეტაცია შევიმუშავე და ყველა მოწინააღმდეგესთან ვიყენებ“
- ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ილეთია „გდება“, მე კი ბუნებრივად მაქვს ნიჭი ეს ილეთი ორივე მხარეს - მარჯვნივ და მარცხნივ ერთნაირი სიზუსტით შევასრულო, ამ ყველაფერმა მომცა საშუალება და „გდების“ საკუთარი ინტერპრეტაცია შევიმუშავე, დროთა განმავლობაში დავხვეწე და თითქმის ყველა შეხვედრაზე ვიყენებ, ეს ძალიან დამაბნეველია მოწინააღმდეგისათვის, მე კი გამარჯვების შესაძლებლობას მაძლევს, სხვათა შორის, სწორედ ამ ილეთის დამსახურებით, გერმანიაში კლუბში ყოფნისას 15 შეხვედრიდან 15-ვე წარმატებულად დავასრულე და კონკრეტულად ამ თემაზე სასაუბროდ ვიმყოფებოდი საფრანგეთში, ერთ-ერთ კლუბში, სადაც მასტერკლასი ჩავატარე „გდების“ ჩემებურ ვერსიაზე.
„არ ვნანობ, რომ მთელ ჩემს დროს სპორტს ვუთმობ - ჩემპიონობა ამად ღირს“
- ყველაფერი ბავშვობიდან მოდის, სპორტს 9 წლიდან მივდევ... დარბაზში, სადაც პირველად დავიწყე ვარჯიში, ფანჯრებიც კი არ გვქონდა, ზედმეტია საუბარი სხვა სახის კომფორტზე, თუმცა, ეს ჩემთვის დემოტივაციის წყარო არასდროს ყოფილა, პირიქით, სხვებისგან ყოველთვის შემართებით, თვითმოტივაციის უნარითა და დაუღალავი შრომის სურვილით გამოვირჩეოდი და ასეა დღემდე, მუდამ განვითარებაზე ვფიქრობ, სპორტთან ერთად, უნივერსიტეტიც დავამთავრე, მაგრამ ჩემი პროფესია მეტწილად მაინც ბერძნულ-რომაული ჭიდაობაა. უკვე 20 წელია მოქმედი სპორტსმენი ვარ, ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე ამ სფეროში ყველამხრივ...
საერთაშორისო ტურნირებზე ბევრ წარმატებულ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს შევხვედრივარ, გაგვიმართავს საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლა, სადაც კრიტიკულ მომენტში ჩემ მიერ შემუშავებული ილეთით წარმატება მომიპოვებია, ასეთი, მაგალითად, მახსენდება 2012 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი, სადაც ცნობილი რუმინელი მოჭიდავე - ალეხუც-ციურარიუს ალინი დავამარცხე; ასევე, 2016 წლის ვარშავის ტურნირი, სადაც ფინალში ვილიუს ლაურეანიტისს მოვუგე.
მსგავსი მომენტების წყალობით, ბევრჯერ დავრწმუნდი საკუთარ სპორტულ შესაძლებლობებში, ვფიქრობ, რომ საკუთარი საქმის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობამ, სპორტის მიმართ ერთგულებამ და შრომისმოყვარეობამ მომიტანა წარმატება, ამიტომ, არ ვნანობ, რომ მთელ ჩემს დროს სპორტს ვუთმობდი და ვუთმობ, ჩემპიონობა ამად ღირს!!!
„ნებისყოფა და შრომა ყოველთვის მოიტანს შედეგს“
- როგორც ყველა საქმიანობაში, სპორტში განსაკუთრებით საჭიროა ნებისყოფა და მშვიდი ნერვები, შრომამ არ უნდა დაგღალოს, კარგი სპორტსმენობა ეს ჩემთვის ნიშნავს ყოველდღიურ ბრძოლას საკუთარ თავთან, ყველა დამწყებ სპორტსმენს, ყველა ადამიანს ვურჩევ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეცადონ ყოველდღიურად აჯობონ საკუთარ თავს და საკუთარ შესაძლებლობებს. შენი თავის მოტივატორი თუ იქნები, ნებისყოფა და შრომა ყოველთვის მოიტანს შედეგს!
მასალის გამოყენების პირობები