ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, მოწმემ სასამართლოში დაადასტურა, რომ ნელი დოროყაშვილი ყოველთვის შერიგების მომხრე იყო და რომ თანაცხოვრების გაგრძელებისთვის ინიციატივას იჩენდა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობის ფაქტი არასდროს ჩაუდენია.
"დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ნელი დოროყაშვილის უახლოესი მეგობარი წარმოადგინა. ამის მიუხედავად, რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან
ბრალად წარდგენილის შესაძლო განხორციელების ფაქტს გამოკვეთდა, არ წარმოდგენილა. მოწმემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ის არასდროს გამხდარა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის განხორციელების მოწმე, ის ფლობდა გარკვეულ ინფორმაციას ნელი დოროყაშვილისგან და არასდროს დოროყაშვილი მასთან კონკრეტულად არ საუბრობდა. მიუხედავად იმ ინფორმაციისა, რასაც ნელი დოროყაშვილი მოწმეს აწოდებდა, მკაფიოდ დაადასტურა, რომ ნელი დოროყაშვილი ყოველთვის იყო შერიგების მომხრე და იჩენდა ინიციატივას, რომ თანაცხოვრება გაეგრძელებინათ.
არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მხოლოდ ნელი დოროყაშვილის ზეპირ განმარტებებს ემყარება; არის საკითხები, სადაც მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებები არის წარმოდგენილი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, წერილობითი მტკიცებულებები მიმოწერის სახით და ამერიკის ეპიზოდი. ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არანაირი ძალადობრივი ქმედება დაფიქსირებული არ არის. საინტერესოა, ძალადობაზე რატომ საუბრობენ, როცა ძალადობის ეპიზოდები კამერის მხრიდან დაფიქსირებული არ არის", - განაცხადა გვაზავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
მასალის გამოყენების პირობები