ექიმი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც თავად ამბობს, ყვავილი „ერთმა ძალიან კეთილმა ადამიანმა” აჩუქა და ის ისეთი მგრძნობიარეა, რომ მცირედი უყურადღებობის შემთხვევაშიც კი მოწყენილი და „თავდახრილი” ხვდება.
„მე და ამ ყვავილს საოცარი ურთიერთობა გვაქვს.
არ ვიცი, ზუსტად რომელი ყვავილია, მაგრამ ის მცირე ხნის წინ ერთმა ძალიან კეთილმა ადამიანმა დამიტოვა და მას შემდეგ “მშვენიერს” ვეძახი.
ყვავილი ძალიან სადაა, მაგრამ ისე გამოიყურება, გეგონება, გვირგვინის ფურცლების ნაცვლად პეპლები ახვევია ყუნწზეო. თან იისფერი დაკრავს და ამასაც ლამაზად იხდენს.
იცით, როგორი მგრძნობიარეა? ვაიმე… სინათლე და წყალი ერთი წამითაც თუ დააკელით, ეგრევე ფურცლებს ჩამოყრის, მოიხრება და გულგატეხილი ადამიანივით მიწას მიწვდება…
ჰოდა, ერთ დღესაც უყურადღებოდ დამრჩა… რომ შევხედე, ისე იყო დახრილი, გული მომიკვდა… ეგრევე წყალს ვეცი.
მას შემდეგ თვალს აღარ ვაშორებ… ისე ვუვლი, გეგონება, ჩემი შვილი იყოს… მივალ თუ არა, წყალს დავუსხამ, მზეს დავანახებ, ერთ-ორ ტკბილ სიტყვას ვეტყვი და მთელი დღე ვუმზერ, რა უბრალო, მაგრამ რა მშვენიერია-მეთქი.
ჰოდა, ახლა მაგიდაზე მიდევს… ის ლამაზად იპრანჭება, მეც მიხარია მისი არსებობა და მასაც უხარია ეს ცხოვრება”, – წერს გიორგი ღოღობერიძე.
მასალის გამოყენების პირობები