წერეთლის გამზირზე, პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მეზობელი დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიციაში სავარაუდოდ, მეზობლებმა დარეკეს, რადგან აღნიშნულ პირსა და მის მეუღლეს შორის კონფლიქტი არაერთხელ მომხდარა და სისტემატური სახეც კი ჰქონდა ძალადობას.
როგორც მეზობელი იხსენებს, ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ და მამაკაცს გაფრთხილებაც მისცეს.
"აქ პირველივე დღიდან ვცხოვრობ, სულ ჩხუბის ხმა გამოდიოდა, მგონი მეუღლეს ცემდა. სახეზე არც ქმარი ვიცი და არც ის გოგო, მაგრამ ძალიან შემაწუხებელი იყო... მერე მგონი, გადავიდნენ. ორი თუ სამი წლის იყო ეს ფაქტები, ღამე აუტანელი ხმა მოდიოდა, კლავდნენ, თუ ახრჩობდნენ, ვინ-ვის ღალატობდა თუ რატომ იყო ეს, არ ვიცი. ტირილის ხმა ისმოდა, ვიღაცა ვიღაცას ურტყამდა, არ ვიცი ეს ბინა ნაქირავები ჰქონდათ თუ არა, მერე ყველამ გაიგო კორპუსში ეს ამბავი, ყველამ იცოდა, რომ ვიღაცას სადღაც კლავდნენ და აწამებდნენ, რომელიღაც სართულზე. თავიდან ვერ ვიგებდი, ხმა ქვემოთა სართულიდან ამოდიოდა, თუ ზემოდან ჩამოდიოდა, მერე, მეზობელმა თქვა, ქვედა სართულზე არიანო. სამსახურიდან მოსვლის შემდეგ, ღამე მესმოდა ეს რაღაცები,
მგონი, უბნის ინსპექტორმა შეამოწმა, რეაგირება იყო, თითქოს, გაფრთხილებაც მისცეს, მერე რა მოხდა, არ ვიცი. მე მგონი, მეზობლებმა დარეკეს, იმ უბნის ისნპექტორს ხმა ხომ ვიღაცამ მიაწვდინა, არ მგონია, დაზარალებულს ეთქვა, ჩემი ქმარი მჩაგრავსო“, - აცხადებს მეზობელი.
ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გუშინ მამაკაცი, 46 წლის ლევან გაჩეჩილაძე გადმოვარდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანა. გაჩეჩილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა ორგანო დაზიანებული აქვს.
ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ლევან გაჩეჩილაძე პოლიციის განყოფილებაში შემაკავებელი ორდერის გამოწერისთვის იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები