ვინ არის მამაკაცი, რომელიც გუშინ წერეთლის გამზრიზე მდებარე პოლიციის განყოფილების მესამე სართულიდან გადახტა - ცნობილი ხდება, რომ 46 წლის ლევან გაჩეჩილაძეს ყოფილმა მეუღლემ, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, ძალადობის გამო უჩივლა. გაჩეჩილაძეს შემაკავებელი ორდენი ჰქონდა გამოწერილი.
კაცმა მრავლობითი მოტეხილობები მიიღო. ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაცით მამაკაცი კონტაქტური იყო, თუმცა მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურმა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება შსს-ის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო.
“2021 წლის 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის აივნიდან გადმოხტა მამაკაცი.
აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები