მოცეკვავე თეა დარჩია ფერიის ბავშვთა საპნიონის გარშემო აგორებულ სკანდალზე საუბრობს და აცხადებს, რომ 13 წლია ამ დიდი ოჯახის ნაწილია და სრუილად უსასყიდლოდ ასწავლის ბავშვებს ცეკვას.
დარჩია აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ძალადობაზე არ შეესაბამება სიმართლეს. მისივე თქმით, "სამჯერ იყო ასეთი ამბავი, რაც ახლა ხდება, 13 წლის განმავლობაში. პერიოდულად ეს საოცარი სიტუაცია მეორდება".
თეა დარჩიას თქმით, აჭარასა და გურიაში, გარდა საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონებისა, მუსლიმანური და კათოლიკური პანსიონებიცაა, თუმცა მათ არასდროს ერჩიან, რაც მას კითხვებს უჩენს.
"მე მინდა გკითხოთ, რატომ ხდება ეს? მედრესეები რომ მრავლდება სოკოებივით, კათოლიკური ბავშვთა სახლები, მუსლიმანური ბავშვთა სახლები, ქართველ ბავშვებს რომ აბარებენ შიმშილის გამო გურიაში, ზემო აჭარაში და ასე შემდეგ. ბავშვები ჩადრებით რომ დადიან, ქართველი გოგონები და ყურანს რომ სწავლობენ და კითხულობენ და აღარაფერი ქართული მათში აღარ არის ვინმეს კითხვა დაუსვამს – რატომ? რატომ იმათ არ ერჩიან და რატომ ერჩიან მაინც და მაინც ამ სახლებს”, – ამბობს თეა დარჩია "იმედის" ეთერში.
ცნობისთვის, ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი „მთავარი არხის” ეთერში აცხადებს, რომ პანსიონში აღსაზრდელები სასტიკად სცემდნენ.
"დამსჯელობითი მეთოდები იყო განსხვავებული. რკინის ჯოხითაც მცემდნენ. აღმზრდელი ისე გამეტებით მირტყამდა, რომ ფეხი სულ ჩაშავებული მქონდა. წამომივიდა სისხლი, შემეშინდა, დავიწყე ტირილი და ამ ტირილზეც დამცინოდა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა, იმის გამო რომ ვტიროდი, კაბა ჩამაცვა და სკოლის დერეფანში მატარა ძალიან ბევრი ბავშვის თანდასწრებით. თუ ღამით ვისაუბრებდით, აუცილებლად წამოგვაგდებდა ფეხზე და მუხლებზე დაგვაყენებდა მანამ, სანამ არ გავითიშებოდით.
მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება, რომ ამ ადამიანებმა მე ბავშვობა წამართვეს. ამ ადამიანებმა არამხოლოდ მე, იმ ბავშვებსაც წაართვეს ბავშვობა, ვინც ჩემთან ერთად იყო”, – ამბობს სარალიძე.
მასალის გამოყენების პირობები