„ნახმახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე მათ მიერ წაყენებული პირობების ნაწილზე შეთანხმებას მიაღწიეს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ პარასკევამდე უნდა განახორციელოს რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა, რკინის ბარიკადების აღება და ხეობაში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა დაშვება. გოლეთიანის განცხადებით, ასევე უნდა შეწყდეს პროტესტის მონაწილეთა დაკავებები.
როგორც მან აღნიშნა, ამ პირობების შესრულების შემდეგ, მხარეები კვლავ შეიკრიბებიან და პროექტის შინაარსობრივ დეტალებზე იმსჯელებენ.
მისი განცხადებით, ყველა ასეთ შეხვედრაზე პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მას არ ესწრებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები.
„ჩვენი პრობლემა ზოგადად არის ის, რომ როცა შეხვედრებზე მოვდივართ ხოლმე, გადაწყვეტილების მიმღები პირები მოპირდაპირე მხარეს არასდროს არ არიან ხოლმე. დღესაც იგივე პრეცედენტი იყო. სახელისუფლებო გუნდიდან მინისტრების მოადგილეები ბრძანდებოდნენ, რომლებიც ბუნებრივია, არ არიან გადაწყვეტილების მიმღებები, ანუ მათ არ შეუძლიათ, პირდაპირ გაგვცენ ამა თუ იმ კითხვაზე პასუხი. ამიტომ ის, რაც შეთანხმდა თუნდაც ამ ეტაპზე, ესეც გასავლელია გადაწყვეტილების მიმღებებთან და ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი პარასკევამდე.
იმისთვის, რომ შინაარსობრივ მხარეზე გადავიდეთ და ვიმსჯელოთ 100 წელზე, 49 წელზე თუ სხვა მნიშვნელოვან დეტალზე, საჭიროა პირობების შესრულება. თუ შესრულდება, შევიკრიბებით თავიდან და დავიწყებთ სხვა საკითხებზე მსჯელობას“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
გოლეთიანმა აცხადებს, რომ პროცესში უმნიშვნელოვანესი მედიატორის როლია, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა კომპრომისი შედგა.
მასალის გამოყენების პირობები






