მცხეთა-მთიანეთის სოფელ ძნელისში 3-მა ახალგაზრდამ გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო, რამაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა და კომა გამოიწვია - ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.
ორი ახალგაზრდა ამ დრომდე რჩება მცხეთაში, ჯეო ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში. მესამე - მდგომარეობიდან გამოვიდა - ის პოლიციამ უკვე დაკითხა.
"ფორმულას" წყარო უყვება, რომ პოლიციამ სავარაუდო ნარკორეალიზატორის კვალსაც მიაგნო.
ერთ-ერთი ვერსიით, უკანონო გზით შეძენილი ნივთიერება გაცილებით უფრო საშიში და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ამას ახალგაზრდები ელოდნენ.
კერძოდ: წყარო ფორმულას უყვება, რომ ახალგაზრდებმა ნარკოტიკული ნივთიერება შავ ბაზარზე ნარკორეალიზატორთან შეიძინეს. თუმცა, ნივთიერება, რომელიც მათ შეუკვეთეს, სულ სხვა და ბევრად საშიში აღმოჩნდა.
კომაში მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი ბიჭის ნათესავი მედიასთან ყვება, რომ ახალგაზრდები სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე ავტომობილით იყვნენ.
მათ საშიში ნარკოტიკული ნივთიერებები უკვე მიღებული ქონდათ, რა დროსაც სასაფლაოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი ბიჭის დედამ გაიარა და უცნაური ხმა შემოესმა, ადგილზე მისულმა კი ნახა, რომ თავისი შვილი და მისი 2 მეგობარი უგონო მდგომარეობაში ძირს იწვა, რის შემდეგადაც დასახმარებლად მეზობლებს და სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაუძახა.
მასალის გამოყენების პირობები