ნიდერლანდების განვითარების ბანკმა - FMO, თიბისი კაპიტალის მეშვეობით, 34 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა. განთავსება იურიდიული კომპანიის - "MKD Law" კონსულტაციითა და ჩართულობით შედგა. ობლიგაციების ვადა 5 წელია.
ემისია სრულად „ტერაბანკმა" შეიძინა. აღნიშნული ობლიგაციების დაგირავებით, ბანკს საშუალება ექნება ობლიგაციების ნომინალური ღირებულების 95% საქართველოს ეროვნული ბანკიდან რეფინანსირების განაკვეთში მოიზიდოს. FMO-ს დაფინანსება გამოყენებული იქნება უთანასწორობის შესამცირებლად, ვინაიდან ბანკი, სხვა მიმართულებებთან ერთად, ახალგაზრდების სეგმენტში საკუთარ პორტფელს გაზრდის.
აღნიშნული ტრანზაქციით FMO აგრძელებს საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას და ასევე, ხელს უწყობს ქართული კაპიტალის ბაზრების განვითარებას. უკანასკნელად FMO-მ ადგილობრივი ობლიგაცია 2019 წელს განათავსა. თიბისი კაპიტალსა და FMO-ს შორის კი, წინა თანამშრომლობა 2018 წელს შედგა.
„მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდების განვითარების ბანკი აგრძელებს ქართული ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალსა და ემიტენტ კომპანიას შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფინანსურ ინტიტუტებთან სამომავლო, წარმატებული პარტნიორობისათვის. ასევე, ტრანზაქცია მნიშვნელოვანია ინვესტორი ბანკისთვის - „ტერაბანკისთვის", ვინაიდან მას საშუალება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციისგან ლარის დაფინანსება მოიზიდოს და ქართული კომპანიებისთვის ლარის სესხებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს", - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
„გვეამაყება, რომ 2018 წლიდან მეოთხე ტრანზაქციის დახმარებით, FMO კიდევ უფრო აფართოებს დაფინანსების ქართულ პროგრამას. ამით ნათელი ხდება, რომ FMO მიზნად ისახავს შერჩეულ ბაზრებზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას", - მათიჯს პინხტერენი, FMO-ს ხაზინადარი.
„მოხარული ვართ, რომ FMO-სთან აღნიშნული ტრანზაქცია წარმატებით დავასრულეთ. თიბისი კაპიტალმა და MKD Law-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ პროცესში. დაფინანსება სრულად მოხმარდება „ტერაბანკის" მიერ სესხების გაცემის გაფართოებას ბანკის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებით, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას გულისხმობს", - სოფიო ჯუღელი, „ტერაბანკის" ფინანსური დირექტორი.
მასალის გამოყენების პირობები