სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ნინოწმინდის პანსიონში აღმოაჩინეს სამი ბავშვი, რომელთა შესახებაც სახელმწიფოს ინფორმაცია არ ჰქონდა, კანონის მიხედვით კი პანსიონში აღსაზრდელებს სწორედ სახელმწიფო უნდა რიცხავდეს და თვითნებურად იქ ბავშების მიყვანა არ უნდა მომხდარიყო.
ლომჯარიამ ასევე ისაუბრა აღმზრდელების მხრიდან ბავშვებისთვის რუსეთის მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე და აღნიშნა, რომ ისინი გამუდმებით ასწავლიდნენ იმას, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე ცუდი არ უნდა ეთქვათ:
"ჩემთვის სიახლე იყო ის, რომ მუდმივად ეუბნებოდნენ, როგორი კარგია რუსეთი. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო და პირდაპირ ამბობდნენ, რომ ჩვენს მასწავლებლებს ეუბნებოდნენო, რომ რუსეთზე ცუდი არაფერი უნდა ეთქვათო. ჩვენ გვინდოდა, რომ თავისუფლად გვესაუბრა და კარგი მასწავლებლებიც გვყავდა, მაგრამ მაინც შეზღუდულები იყვნენ გარკვეულ თემებზე სასაუბროდო.
თუმცა, ეს ბავშვები არიან ძალიან გონებაგახსნილი, განათლებული და ძალიან სწორად და ჯანსაღად აზროვნებენ. რა თქმა უნდა, მათ აქვთ თავიანთი ტრავმები, რაც მათ მსოფლმხედველობასა თუ ქცევაზე ახდენს გავლენას, მაგრამ საერთო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან და ჯანსაღად და კრიტიკულად აზროვნება შეუძლიათ", - განაცხადა ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






