ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დააკავეს - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს:
"გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ "დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს" თანამშრომელი, განსახლების საჭიროების მქონე ეკომიგრანტებისგან, სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული 25 000 ლარიანი ფულადი შემწეობის გაცემის დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ ქრთამის სახით სისტემატიურად იღებდა სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხას. 2021 წლის მარტში, მან წალკის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ მოქალაქეს გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო ამავე წლის მაისში ადიგენის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ - 2 000 ლარი", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები