ვარძიის ისტორიულ-ხუროთმოძღვრულ კომპლექსში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა არქეოლოგთა XII საერთაშორისო კონფერენცია. საერთაშორისო ღონისძიება ცნობილი ქართველი არქეოლოგის პროფესორ ოთარ ლორთქიფანიძის 90 წლისთავს მიეძღვნა და მასზე უახლეს კვლევებზე მოხსენებები წარმოადგინეს როგორც ქართველმა და უცხოელმა პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე სტუდენტებმა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„მნიშვნელოვანია, რომ COVID 19-ის პანდემიის მიუხედავად, ვარძიაში კონფერენციაზე ბევრი მონაწილე ჩამოვიდა; მასზე ძალიან საინტერესო მასალებია წარმოდგენილი და მსოფლიო არქეოლოგიის აქტუალური საკითხები განიხილება. დარმწუნებული ვარ, რომ ეს კონფერენცია საინტერესო და მრავლისმთქმელი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მასში ჩვენს მეცნიერებთან ერთად, მრავალი ახალგაზრდა მონაწილეობს. დარწმუნებული ვარ, რომ კონფერენციაზე ჩამოსულ უცხოელ სტუმრებსა და ჩვენს მეცნიერებსა და სტუდენტებს საინტერესო თემები ექნებათ ერთმანეთისთვის გასაზიარებელი,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
კონფერენციის მსვლელობის დროს, გარდა მოხსენებებისა, გაიმართა დისკუსიები არქეოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში განხორციელებული კვლევების შესახებ. მომხსენებები წაიკითხეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, დაღესტნის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, ჰერცენის სახელმწიფო პედაგოგიური, აგრეთვე ეროვნული კვლევის უნივერსიტეტის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (რუსეთი), ტუშის უნივერსიტეტის (იტალია), დურჰამის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი), ოქსფორდის უნივერსიტეტისა (დიდი ბრიტანეთი) და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის (გერმანია) წარმომადგენლებმა.
თსუ პროფესორის ვახტანგ ლიჩელის თქმით, „ვარძიის კონფერენციის მიზანია მოამზადოს ახალგაზრდა ქართველი არქეოლოგები საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისთვის. ყველა ახალგაზრდა ქართველ არქეოლოგს გამოაქვს კონფერენციაზე განსასჯელად საკუთარი კვლევა, რომელსაც ერთი წლის მანძილზე აწარმოებდა. კვლევა ფასდება შესაბამისი სამეცნიერო კომისიის მიერ. ამ საქმიანობამ უკვე გამოიღო რეალური შედეგი, რადგან შემიძლია თამამად გითხრათ, რომ უკლებრივ ყველა ის ახალგაზრდა, რომელმაც გაიარა ვარძიის კონფერენციების სკოლა, უკვე წარმატებულია საერთაშორისო ასპარეზზე.“
ვარძიის კონფერენცია უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპისა და ამერიკის უნივრსტეტებში. ამ კონფერენციას ყოველწლიურად 10-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტების, მუზეუმების, სასწავლო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები ესწრებიან.
„კონფერენციაზე ბევრმა ახალგაზრდა სპეციალისტმა და არქეოლოგმა მოიყარა თავი. მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, განსაკუთრებით მონაწილეებისთვის, რომელთაც შეუძლიათ ისწავლონ ბევრი და ამასთანავე, ჰქონდეთ ახლო კომუნიკაცია უცხოელ პროფესორებთან და სპეციალისტებთან. მიხარია, რომ პანდემიის გამო, წელს მაინც ჩატარდა ღონისძიება, შევძელი და ჩამოვედი ვარძიაში იენიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იენის უნივერსიტეტს თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ასე, რომ ვიმედოვნებ ეს კონფერენციაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ ურთიერთობაში,“-აღნიშნა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის პროფესორმა ენიგრეტ ლენინგმა.
ვარძიის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდა არქეოლოგთა შორის კონტაქტების დამყარებას, მათი კვლევების პოპულარიზაციას მსოფლიო სამეცნიერო ბაზარზე და შესაბამისად, ქართველი სტუდენტი-არქეოლოგების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას.
მასალის გამოყენების პირობები