საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე "თბილისის ენერჯისთვის" დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. სემეკის ინფორმაციით, შპს „თბილისი ენერჯის“ კორექტირებულმა სამომხმარებლო ტარიფმა 53.972 თეთრი/კუბ.მ შეადგინა დღგ-ს ჩათვლით. ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ელი ივნისიდან შევა:
„ტარიფის კორექტირება განპირობებულია ქ. თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფით.
შპს „თბილისი ენერჯისთვის“ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის მიზნით სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მიმდინარე წლის 18 თებერვალს. ტარიფის ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სემეკში შესული შპს „თბილისი ენერჯის“ მოთხოვნა ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით.
შპს „თბილისი ენერჯისთვის“ 2021 წლის 1-ელ ივნისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 46.138 თეთრ/კუბ.მ დღგ-ს ჩათვლით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






