2017 წელს, 31 წლის მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მექსიკის ყურეში ცურვისას ხორცის მჭამელი ბაქტერია შეეყარა. გარდაცვლილს მარჯვენა ფეხზე ტატუ ახალი გაკეთებული ჰქონდა და მას ურჩიეს, რომ ორი კვირის მანძილზე ზღვაში ცურვისაგან თავი შეეკავებინა, თუმცა, მან ეს რჩევა არ გაითვალისწინა.
როგორც British Medical Journal Case Reports-შია ნათქვამი, მამაკაცი სიცოცხლისთვის საშიში პათოგენით Vibrio vulnificus დაინფიცირდა. ის ქოლერას მონათესავეა და ამ ბაქტერიით დაინფიცირებული ჭრილობა 25%-ით მომაკვდინებელია.
ცურვის შემდეგ, მამაკაცს სიცხემ აუწია და კანკალი დაეწყო. ტატუს გარშემო გამონაყარი გაჩნდა და სიმპტომები ორ დღეში გაუარესდა. ავადმყოფი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში. საავადმყოფოში თერაპიის მიმდინარეობისას, მისი ფეხი იასამნისფერი გახდა. მარჯვენა წვივის უკანა ნაწილზე, სადაც ტატუ ჰქონდა გაკეთებული, ინფექციამ ღრმა ჭრილობები გააჩინა.
ექიმებმა ავადმყოფის მოყვანისთანავე V. vulnificus იეჭვეს, თუმცა, მისი საავადმყოფოში მოთავსებიდან 24 საათში, სეპტიკურ შოკთან მებრძოლი კაცი აპარატზე შეაერთეს. ინფექციამ იმუნური სისტემა გაანადგურა და ორგანოები ძლივსღა ფუნქციონირებდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის მდგომარეობა რამდენიმე კვირის შემდეგ გაუმჯობესდა, ორგანიზმზე მიყენებული ზიანი იმდენად მწვავე იყო, რომ ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ორ თვეში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






