ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტო "ლუქ მოდელსის“ მოდელმა, მარიშა ურუშაძემ, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს, ორი კვირის წინ ინსტაგრამზე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იმ არასათანადო პირობების შესახებ წერდა, რომელშიც მუშაობა ქართველ მოდელებს "მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულზე უწევთ.
მარიშა ურუშაძემ მის ინსტაგრამ პოსტში ისაუბრა იმაზე , თუ როგორ ირღვევა კვირეულზე მოდელების შრომითი უფლებები. მისი პოსტის დაწერის შემდეგ, მოდელის ინსტაგრამის გვერდი გაუქმდა. მას კი თანადგომა თაკო ნაცვლიშვილმა, თათია ახალაიამ და ანი გავვამ გამოუცხადეს.
როგორც ჩანს ეს პირველი შემთხვევა არ არის და "ლუქ მოდელსის" ყოფილმა მოდელმა, ნუცა ღულაძემ, მისი ისტორიაც მოყვა:
"ზუსტად 2 წლის წინ, „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეული იყო, როცა რამდენიმე გოგოს დაემართა პანიკური შეტევა, რადგან მთელი დღე სტრესში უწევდათ მუშაობა. არ იყო საკვები, საპირფარეშოში გასასვლელად უნდა გვევლო მეორე შენობაში და ამ შემთხვევის შემდეგ, მოდელების ნაწილმა გადავწყვიტეთ სამოქმედო ჯგუფის შექმნა, ელემენტარული მოთხოვნები გვქონდა.
იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდებოდა შენობაში საპირფარეშო ყოფილიყო, დაედგათ ბიოსაპირფარეშოები.
ასევე, არ გვქონდა ჯანსაღი საკვები, ვჭამდით „მაკდონალდსი“ საჭმელს და ისიც არასაკმარისი რაოდენობით მოჰქონდათ, ამიტომ მშივრები რჩებოდნენ მოდელები.
მთელი დღის მანძილზე გვესმოდა, თურმე როგორ გასუქდნენ გოგონები.
შეიქმნა სამოდელო ჯგუფი, ჩამოვწერეთ მოთხოვნები, დავამატეთ სხვა სააგენტოს გოგონებიც და გადავწყვიტეთ პეტიციის შექმნა, რომელსაც სააგენტოს მივაწოდებდით, ის გადასცემდა „მერსედეს ბენცის კვირეულის“ ხელმძღვანელობას და თუ არ დაკმაყოფილებოდა არ გავიდოდით ჩვენებაზე.
იმ საღამოს ჯგუფში ქალბატონმა ნინომ დაწერა, თუ ვინმე „ლუქმოდელსიდან“ მოაწერდა ხელს, გაგდებეული იქნებოდა სააგენტოდან.
რამდენიმე მოდელი შევეწინააღმდეგეთ, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. იქ წავიდა კამათი და ნინომ იქვე დამიწერა, რომ გაგდებული ვარ სააგენტოდან. გოგონებს შეეშინდა სააგენტოს დაკარგვის, ამიტომ ეს ამბოხება ჩაახშეს.
ახლა რასაც აპროტესტებს ზუსტად მაგის გამო გამაგდეს სააგენტოდან. შემდეგ ადვოკატის მეშვეობით დავეკონტაქტე სააგენტოს მენეჯერს, რომ მოეწერათ რატომ გამაგდეს, მათ მომწერეს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩემი მისამართით არ იყო დაინტერესება უცხოური სააგენტოს მხრიდან, მაგრამ ეს იყო ტყუილი, რადგან ორი თვით ადრე იყო შემოთავაზება ჩინეთიდან. სახლში არ მქონდა კონტრაქტის ასლი და როცა ეს ადვოკატმა სააგენტოსგან გამოითხოვა, გაირკვა რომ სააგენტოს ჩემთან კონტრაქტი არ ჰქონდა" ,- ამბობს მოდელი "პრაიმაბებთან".
მასალის გამოყენების პირობები