საქართველოს ბანკისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://go.usa.gov/xHmfF
აპლიკაციების მიღება 2021 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება.
ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს ბანკი, განათლების საერთაშორისო ცენტრი და ჯორჯია კაპიტალი.
პროგრამის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის მხრიდან ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისთვის საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფას გულისხმობს. წარმატებული სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან საინჟინრო მიმართულებით განაგრძოს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აშშ –ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება.
„საქართველოს ბანკის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, არაერთ სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო პროექტს უჭერს მხარს. აშშ მთავრობასთან ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელება ყოველწლიურად ნიჭიერ ახალგაზრდებს ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშ-ში უკვე გაემგზავრა 7 საუკეთესო სტუდენტი. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის:
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას თბილისში აშშ საელჩო უწევს. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრაგრამას მთელს მსოფლიოში. პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან სახელმწიფოთა ნობელის პრემიის ლაურეატები, სახლემწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.csr.ge/ka
მასალის გამოყენების პირობები