საქართველოს ეკლესიაში არსებული რთული ვითარება ყოველგვარი კონტროლის ფარგლებს გასცდა და ამას საზოგადოება რამდენიმე წელია აკვირდება. თუმცა, დაძაბულობა და კონფლიქტი ბოლო თვეებია განსაკუთრებულ ჩიხში შევიდა, რომლიდანაც გამოსავალი საკმაოდ რთული მოსაძებნია და ამის ბერკეტი, მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს ხელშია.
სხვა კრიტიკულად რთულ საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული არეულობა ჭყონდიდის ეპარქიაშია და ყველას ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით არის მიპყრობილი. მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის ეპისკოპოსს მეუფე პეტრეს საეკლესიო სასჯელი დაედო იმისათვი, რომ მან მაღალი იერარქის, კერძოდ კი პატრიარქის მიმართ ბრალდებები გააჟღერა, სიტუაცია უკონტროლო გახდა. მეუფე პეტრე სინოდმა დამნაშავედ სცნო და მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა, შედეგად კი ეპარქია ჩამოერთვა და იქ წალკელი მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი გამწესდა, რომელმაც მოგვიანებით ეპარქიის მართვაზე უარი განაცხადა და ჭყონდიდი მეუფე სტეფანეს გადაეცა. სწორედ აქედან იწყბეა ისეთი კრიტიკული ვითარება, რომლის ფარგლებშიც დაპირისპირებული სასულიერო პირები ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ. მეუფე სტეფანემ კი მეუფე პეტრე შვილის ყოლაში დაადანაშაულა, რომელიც მას თითქოს ბერად კურთხევის შემდგომ შეეძინა.
ახლა კი ვითარება ასეთია - მეუფე პეტრეს მხარდამჭერი სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს მტკიცებულებების წარდგენას სთხოვენ, მეუფე სტეფანე კი დუმს და ამ საკითხზე აღარ საუბრობს.
„ნიუპოსტი“ საქართველოს ეკლესიაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე სასაუბროდ და საკითხის შესაფასებლად, თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას დაუკავშირდა, რომელმაც არსებულ ვითარებას უმძიმესი უწოდა:
„დღეს საქართველოს ეკლესიაში არსებულ სიტუაციაზე დასკვნები რთული გასაკეთებელი არ არის და ამას განსაკუთრებულად მცოდნე ადამიანი არ სჭირდება. ყველამ კარგად დაინახა, რომ ეკლესიაში უმძიმესი მდგომარეობაა. ამას გააჩნია ორი მთავარი მიზეზი.
ერთი მიზეზი გახლავთ ცნობილი და სამწუხარო ფაქტი იმასთან მიმართებით, რომ პატრიარქი არის დადანაშაულებული ძალიან მძიმე ცოდვაში და მეორე - ასევე საკმაოდ მძიმე ბრალდება, რომელიც მეუფე სტეფანემ მეუფე პეტრეს წინააღმდეგ გააჟღერა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა.
სწორედ ეს ორი მიზეზი არის დაპირისპირების ძირითადი საფუძველი. მეუფე სტეფანეს ადგილობრივი სამღვდელოება სთხოვს, რომ მას ჰქონდეს პოზიცია როგორც ერთ, ასევე მეორე საკითხთან დაკავშირებით. მას უნდა შეეძლოს გასცეს პასუხი, რაც ძალიან რთულია. თუმცა, მეუფე სტეფანემ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
მეორე საკითხი არის ის, რომ მან საჯაროდ ორჯერ წაუყენა მძიმე ბრალდება მეუფე პეტრეს და მას ადგილობრივმა სამღვდელოებამ სთხოვა, რომ დაემტკიცებინა ეს ბრალდება.
ამ კითხვებზე არ არსებობს პასუხები. მეორე საკითხთან დაკავშირებით მეუფე სტეფანე უკვე აღარაფერს ამბობს, უფრო მეტიც - მამა დანიელი, ერთ-ერთი აქტიური სასულიერო პირი, მეუფე სტეფანეს ეუბნება, რომ თუ ის მეუფე პეტრეს წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებას დაადასტურებს, ფეხებს დაბანს მას. ქრისტიანობაში ფეხის დაბანა არის თავმდაბლობის სიმბოლო, რომელიც განხორციელდა იესო ქრისტეს მიერ მისი მოციქულების წინაშე. ამით მამა დანიელმა მეუფე სტეფანეს უთხრა, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ სიმართლე და არ სურთ იყვნენ შეცდომაში შეყვანილი. ამაზეც პასუხი იყო დუმილი. ამან გააღიზიანა სწორედ სამღვდელოების ნაწილი და სწორადაც მოხდა ასე. ისინი თვლიან, რომ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი სიტყვების გაკონტროლება და მათზე პასუხისგება, არ იმსახურებს ისეთ მაღარლი პასუხისმგებლობის მქონე სტატუსს, როგორიც არის ეპისკოპოსობა და ამბობენ კიდეც, რომ არ დაემორჩილებიან ისეთ ადამიანს, რომელიც არის ცრუ და ადამიანს, რომელმაც ვერ გასცა იმ მთავარ კითხვებს პასუხი, რომელთა მსგავსის გამოც მეუფე პეტრე არის უსამართლოდ დასჯილი“, - აღნიშნა თეოლოგმა ჩვენთან საუბრისას.
მისივე განცხადებით მსგავს სიტუაციებზე, როდესაც საჭიროა საპატრიარქოს მტკიცე და გადამწყვეტი პოზიცია, ამ ინსტიტუციას მუდამ არაადეკვატური რეაგირებები აქვს, ეს კი იმ ჯგუფის დამსახურებაა, რომელიც, თეოლოგის თქმით, საპატრიარქოს მართავს:
„სამწუხაროდ ჩვენ საპატრიარქოს პოზიციას, ნებისმიერ ასეთ რთულ საკითხთან დაკავშირებით ვერ ვხედავთ, რომ იყოს ადეკვატური, შესაფერისი და გააზრებლი. ჩვენ რამდენიმე წელია ვხედავთ გარკვეული ჯგუფების აქტიურობას საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით, ნებისმიერი დაპირისპირების კულმინაცია არის შედეგი იმისა, რომ საპატრიარქოს რეაქცია არის ძალიან არაადეკვატური ან სულაც დუმს ხოლმე. ეს რა თქმა უნდა არის დასანანი და მიმაჩნია, რომ ყველაზე ძირეული პრობლემა დღეს არის ის, რომ საპატრიარქოს მმართველ ჯგუფს არ ესმის თუ რა ტიპისა და მასშტაბის პროცესებთან გვაქვს საქმე. ეს არის ურთულესი და უპრეცენდენტო შემთხვევები, რომელსაც მეოთხე წელია ვადევნებთ თვალს და საპატრიარქოს მმართველ ჯგუფს არ შესწევს უნარი სწორი პოზიცია შეიმუშაოს, გამოვიდეს, დიალოგი შედგეს და ოდნავი სამართლიანობის განცდა გააჩინოს ანუ დაიწყოს პროცესი, რომელიც საბოლოოდ ალბათ მიგვიყვანს ამ კრიზისის დამშვიდებამდე. ამის საპირისპიროდ გამოდის მეუფე იაკობი, სტეფანე იქნება თუ სპირიდონი და იმუქრებიან, მეტი არაფერი კონსტრუქციული მათი მხრიდან არ გვესმის. ეს არის დამთრგუნველი და ვერ ვხედავ ამ მდგომარეობის პოზიტიურ განვითარებას საპატრიარქოს ამგვარი რეაგირების ფონზე“, - მიიჩნევს ნარსია.
თეოლოგი აღნიშნავს, რომ სააღდგომო ეპისტოლეში შესაძლოა ჯგუფმა, რომელსაც ეკლესიის მართვის სადავეები აქვს ჩაგდებული ხელში, არსებულ სიტუაციაზე გარკვეული მესიჯები ჩადოს და ეს საზოგადოებისთვის არავითარი სიახლე არ იქნება:
„პატრიარქი დიდი ხანია არის სტერილურ გარემოში. ეს ნიშნავს იმას, რომ პატრიარქს აწვდიან იმგვარ ინფორმაცის, ისეთი აქცენტებით, რომელსაც ამუშავებს რაღაც ჯგუფი. ეპისტოლეში კი ეს ჯგუფი თავად ჩაწერს ამ ვითარებაზე იმ აქცენტებს, რომელიც ჩვენთვის არაფერი სიახლე არ იქნება. რა თქმა უნდა იქნება ეპისტოლეში საუბარი დაახლოებით იმაზე, რომ პატიება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არ შეიძლება იმის პატიება რაც არის ცოდვა“, - ამბობს ლადო ნარსია.
მასალის გამოყენების პირობები






