საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ის ციფრული ვალუტის გამოშვებაზე იწყებს მუშაობას.
"საქართველოს ეროვნული ბანკი, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. CBDC ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს.
საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, რომელიც ცენტრალური ბანკების უმსხვილეს გაერთიანებას წარმოადგენს, რეგულარულად აკვირდება პროგრესს CBDC - ს მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, წამყვანი ცენტრალური ბანკები CBDC - ს დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ, იქმნება პილოტი პროექტები, მიმდინარეობს ოპტიმალური დანერგვისა და არქიტექტურის ძიება.
ეროვნული ბანკის ციფრული ვალუტა შესაძლოა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს ფინანსური ეკოსისტემისთვის და საკმაოდ დიდი გავლენა იქონიოს კერძო ინოვაციების და ახალი ფინანსური ტექნოლოგიების შექმნაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, ინტერფეისის დიზაინის, მომხმარებელთა მართვის, KYC და AML / CFT ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნის, რეგულაციებთან თავსებადობის და მონაცემთა მართვაში" - წერია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები