აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 216 ხმით 208-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კოლუმბიის ოლქის აშშ-ის 51-ე შტატად გადაკეთების კანონპროექტს. კანონის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში ახალ შტატს სახელად "ვაშინგტონი, დუგლასის თანამეგობრობა" ერქმევა. შტატის სახელი ორი ისტორიული ფიგურის - აშშ-ის პირველი პრეზიდენტისა და აფროამერიკელი მწერლის, საზოგადო მოღვაწის ფრედერიკ დუგლასის საპატივცემულოდ არის შერჩეული. დუგლასი, რომელიც თავად მონა იყო მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდა მონობის გაუქმებისა და მათი უფლებების დაცვისთვის.
კანონპროექტს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს, რადგან აცხადებენ, რომ აშშ-ის დედაქალაქი არცერთი შტატის დაქვემდებარებაში არ უნდა იყოს. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ ამ ხერხით დემოკრატები სენატში და წარმომადგენლობის პალატაში მანდატების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდას ცდილობენ, რადგან კოლუმბიის ოლქში ტრადიციულად დემოკრატების ამომრჩეველი სჭარბობს.
შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკითხი სენატში გავიდეს - მის მხარდაჭერას 100-დან 60 სენატორის მხარდაჭერა სჭირდება, ხოლო ძალთა თანაფარდობა ამჟამად 50-50-ზეა. დემოკრატებს ახალი შტატის შექმნის მცდელობა 1993 წლიდან აქვთ. მაშინ ამ საკითხმა წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერა ვერ მიიღო, ხოლო 2020 წელს საკითხი უკვე სენატში ჩავარდა.
შეგახსნებთ, რომ უკანასკნელად აშშ-ის ახალი შტატები 1959 წელს დაემატა: 49-ე - ალიასკა და 50-ე - ჰავაი.
მასალის გამოყენების პირობები






